ყურაშვილი ავთანდილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავთანდილ ყურაშვილი

ყურაშვილი ავთანდილ – (1943), ქართველი მწერალი პოეტი და მთარგმნელი. ცხოვრობს და მოღვაწეობს ქუთაისში. 1961 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი, 1971 წელს კი – ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. წლების განმავლობაში მუშაობდა მშენებლობაზე, საავტომობილო და სატრაქტორო ქარხნებში, სკოლაში – მასწავლებლად, გაზეთის რედაქციაში, საჯარო ბიბლიოთეკაში, ქალაქის აღმასკომის კულტურის განყოფილებაში.

1975 წელს, ქუთაისში „განთიადის“ გამოსვლასთან დაკავშირებით, დაინიშნა ჟურნალის პასუხისმგებელ მდივნად; 1988 წლიდან მთავარი რედაქტორის მოადგილეა, 1992 წელს კი ამავე ჟურნალის მთავარი რედაქტორი გახდა. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1961 წელს გაზეთ „ქუთაისში“. გამოცემული აქვს კრებულები: „სინათლის ნაპირი“ (1976), „გამოჩნდა მიწა“, „რკინის ყვავილები“, „მარად და მარად“, „ნობი“, „სიზმარ-ბალადა“, „ხატ-პეპელა“, „აქ, ამ სამოთხეში“, „სიკვდილი სინათლეა“. თარგმნილი აქვს ბაირონი, ბლოკის, მაიაკოვსკის, შინქუბას პოეზიის ნიმუშები. გამოიცა, აგრეთვე, მისი არაერთი მოთხრობა, რომანი – „ცდომილთა დღესასწაული“, თარგმნა რუსი მწერლის ვლადიმირ უსპენსკის ხუთწიგნიანი რომანი „ბელადის საიდუმლო მრჩეველი“, ელვირა გორიუხინას აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი წიგნი „ნუ დაგვაშორებ ჩვენ ღმერთო, ნუ დაგვაშორებ“. დღესაც მუზის ძებნაშია.


* * *
მივიწყებულ საყდრის ბჭესთან
თეთრი გოგო დალალს არხევს.
ღმერთო! შენი ტაძრის ფრესკა,
შენი მარიამის სახე...
მოხატული მთვარის ცრემლით,
სევდის უნაზესი ჩრდილით,
მარად ასე მოციმციმე,
სივრცის რკალით გადაჭრილი.
მივიწყებულ საყდრის ბჭესთან
თეთრი გოგო დალალს არხევ...
ღმერთო! შენი ტაძრის ფრესკა,
შენი მარიამის სახე.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები