ყურის თანდაყოლილი კისტები და ფისტულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყურის თანდაყოლილი კისტები და ფისტულები – საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა, რომელიც დაბადებიდანვე აქვს პაციენტს. მისი მიზეზი ემბრიონად ყოფნის პროცესში განვითარებული მოვლენებია. შთამომავლობითი ფაქტორიც არ არის იშვიათი. ლოკალიზაციის ადგილი, ძირითადად, ორია. პირველია პრეაურიკულარული კისტები და ფისტულები, ხოლო მეორე – ცერვიკო-აურიკულარული მდებარეობა.

სარჩევი

პერიაურიკულარული კისტები და ფისტულები

ეს მალფორმაცია საკმაოდ ხშირი და ნაკლებად შემაწუხებელია. იგი შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს მთელი ცხოვრების მანძილზე.

როგორც წესი, უმრავლესობა ცალმხრივი ლოკალიზაციისაა. მათი მხოლოდ 1/3 შეიძლება იყოს ორმხრივი. ფისტულის ხვრელი ყოველთვის ტრაგუსის ზემოთ, ჰელიქსის დასაწყისთან მდებარეობს. ფისტულის სიღრმე, როგორც წესი, 3-15 მმ-ია. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მათი სიღრმე დაფის აპკამდეც შეიძლება აღწევდეს.

ფისტულების კედლები ამოფენილია დერმით და ამიტომ მას ახასიათებს დესკვამაცია, რაც შესაძლოა არხის დახშობის მიზეზი გახდეს. სწორედ ამ დროს წარმოიშვება კისტები.

კისტების ინფიცირების შედეგად, შესაძლოა განვითარდეს სერიოზული აბსცესი. მისი მკურნალობა ყოველთვის ქირურგიულია.

ზოგიერთ შემთხვევაში, ფისტულას თან ახლავს პრეაურიკულარული, ხრტილოვანი აპენდიქსის არსებობა. ამ შემთხვევაში, ყოველთვის საჭიროა ბრაქიო-ოტო-რენალური სინდრომის გამოკვლევა.

ეს სინდრომი სამ დაავადებას აერთიანებს: სიყრუეს, რომელიც გამოწვეულია შუა ან შიდა ყურის მალფორმაციით, კისრის ფისტულების არსებობას, რენალურ აგენეზიას.

ცერვიკო-აურიკულარული ფისტულები და კისტები

ამ ტიპის ფისტულებს გაცილებით იშვიათად ვხვდებით. მათი ხვრელი შესაძლოა შევამჩნიოთ გარეთა სასმენი მილის ზედა ნაწილში, ხრტილოვან-ძვლოვანი შეერთების ადგილზე. ასევე, ის შესაძლოა მცირე ზომის ბორცვით იყოს დაფარული.

ფისტულის ტრაექტორია მიმართულია წინ და ქვემოთ, ყბაყურა ჯირკვლის სისქეში, სახის ნერვისკენ.

მისი ქვედა ხვრელი, შესაძლოა, ყბის უკანა კუთხეში იხსნებოდეს.

კისტების ჩამოყალიბება ამ ტრაექტორიის მთელ სიგრძეზეა შესაძლებელი. მექანიზმი იგივეა, რაც პრეაურიკულარული კისტების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ტოპოგრაფიის მიხედვით, კისტების კლინიკა, შესაძლოა, აგვერიოს ყბაყურა ჯირკვლის ანთებაში, ლიმფადენიტში ან ყურის დიფუზურ დაჩირქებაში.

ფისტულების და კისტების მკურნალობა

ამ პათოლოგიის მკურნალობის ყველაზე კარგი ტაქტიკა ქირურგიული ჩარევაა.

უნდა მოვერიდოთ მარტივ ქირურგიულ ჩარევებს, მაგალითად: კისტის გაჭრა, დრენირება ან პუნქცია, რომლებიც ყოველთვის უშედეგოდ მთავრდება და ართულებს რადიკალურ ქირურგიულ მკურნალობას. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ ოპერაციას შესაძლოა VII წყვილი ნერვის დაზიანება მოჰყვეს. ამიტომ აუცილებელია პაციენტი გამოცდილი ქირურგის ხელში მოხვდეს.


NOTA BENE
  • არ შეიძლება მინი ქირურგიული ოპერაციების ჩატარება ფისტულების და კისტების სამკურნალოდ;
  • არ შეიძლება ქირურგიული მკურნალობის დროს არ გაითვალისწინოთ VII წყვილი ნერვის ტრაექტორია და არსებობა;
  • არ შეიძლება ყურის ფისტულის შემთხვევაში არ გამოვიკვლიოთ სმენა და თირკმელები;

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები