შაბათაშვილი-დავარი ნანა
შაბათაშვილი-დავარი ნანა – (1949 – 2018), პოეტი. დაიბადა თბილისში. გაიზარდა ერთ-ერთ უძველეს – „ფეთხაინის“ – უბანში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის №71 საშუალო სკოლა, შემდეგ – თბილისის სამედიცინო სასწავლებლის ფარმაცევტული ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის №1 აფთიაქში პროვიზორის თანაშემწედ. მალე სწავლა გააგრძელა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ თსუ-ს მეორადი განყოფილების იურიდიულ ფაკულტეტიც დაამთავრა სამოქალაქო სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1991 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული „ქანაანიდან... ვიდრე მცხეთამდე“. იმავე წელს საცხოვრებლად გაემგზავრა ისრაელში და თანამშრომლობდა იქ გამომავალ ქართულ ჟურნალგაზეთებთან: „დროშა“, „ალია საქართველოდან“, „თემის მოამბე“, „ციონი“ და სხვა. მოგვიანებით, ქალაქ აშდოდში, სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად, მან ჩამოაყალიბა ისრაელის ქართულ-ებრაულ სატირისა და იუმორის, მუსიკალური კომედიის თეატრი „ქნარი“. მინიჭებული აქვს ქართული კულტურის დესპანის წოდება.
- ჩემო თბილისო
- დაფნა-გვირგვინი არაფერია,
- სულში ჩაწნულხარ ოქროს გვირისტო,
- სადმე... გზა-კვალი თუ ამერია,
- კვლავ შენ დამლოცავ, ჩემო თბილისო!
- შენგან ნატყვიარ მზესაც გავუძლებ,
- ვით თვალდაისრულ დღეთა სალბუნებს,
- სადაც არ ვიყო, ვიცი მომძებნი
- და გულში ლოცვად დაისადგურებ.
- ჩემს ნატერფალზე მოსულ გვირილებს,
- ფითრის ფოთლებით შენ არ შემოსავ,
- კეთილი იყოს, იყოს კეთილი,
- – შენს სამყაროში ჩემი შემოსვლა!
- გიშრის თვალივით მძივზე გაგები
- და შენს წიაღში ასე ვბინადრობ,
- ხან ქართველი ვარ, ხან ებრაელი,
- მინდა სათავეს სადმე მივაგნო.
- არ მასვენებენ შენზე ფიქრები,
- „კლდისუბანია“ ჩემი სამკვიდრო,
- შენთვის მლოცველი მუდამ ვიქნები,
- თუნდაც გასანთლულ ყულფზე დამკიდონ.