შავი გარიელი
შავი გარიელი (ლათ. Melanitta fusca Linnaeus, 1758) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის იხვია, ფრთა 250-300 მმ-ია, ნისკარტი – 37-50 მმ, წონა – 1000-1750 გ. სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული სიდიდესა და შეფერილობაში. მამალი დიდია დედალზე. ამასთან მამალი თითქმის მთლიანად ელვარე შავია. თეთრი აქვს მხოლოდ „სარკე“ ფრთაზე და პატარა ლაქა თვალების ქვემოთ. ფეხები წითელია, ხოლო ნისკარტი ძირში ნესტოებამდე და ყბების კუთხეებთან შავი, დანარჩენი − ნარინჯისფერი. დედალი მუქი მურაა. მუცელზე ბუმბულებს მოთეთრო ბოლოები აქვთ. თეთრია ფოთის „სარკეც“. პირის კუთხეებთან და ყურების მიდამოებში მკრთალი ლაქებია.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას, სკანდინავიიდან მდ. ხატანგის ქვემო დინებამდე; ჩრდილოეთით – ლაპლანდიას, კოლის ნახევარკუნძულს, სსრკ ევროპული ნაწილის არქტიკის სანაპიროებს, დასავლეთ ციმბირს 70-ე პარალელამდე; სამხრეთით – ბალტიის ზღვის სანაპიროებს, ლადოგის ტბას, არხანგელსკს, პეჩორის აუზს 65-ე პარალელამდე. ურალის აღმოსავლეთით არეალის საზღვარი მკვეთრად ეშვება ჩრდილოეთ ყაზახეთში 50-ე პარალელამდე, ხოლო ალტაის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიემართება მდ. ხატანგის შუა დინებამდე. წარსულში იზოლირებული ბუდობები იყო სევანზე და მესხეთ-ჯავახეთის ზეგნის ტბებზე. ამჟამად საქართველოში მოიპოვება მხოლოდ ზამთრობით და მცირე რაოდენობით.
ბიოტოპი
ზაფხულში ირჩევს ტბებს ტუნდრაში ან ტაიგაში, რომელთა სიღრმე ხშირად დიდი არაა და ნაპირებზე უხვადაა განვითარებული ისლი, შვიტა და ჭაობის სხვა მცენარეულობა ან ნაპირები ტყიანია. ზამთარს ატარებს უმთავრესად ზღვების ყურეებში.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს მიწაზე ისლსა თუ სხვა ბალახოვან მცენარეთა შორის, წყლის უშუალო სიახლოვეს. ზოგან ბუდობს ზღვის ან ტბის სანაპირო მდელოებსა და დაბალ ბალახნარიან მინდორში. ივნისში დებს 6-10 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი ერთ თვემდე გრძელდება.
კვება
შავი გარიელის საკვებ რაციონში უმთავრესია მოლუსკები, წყლის მწერთა ლარვები, პატარა ზომის თევზები და სხვა ცხოველური საკვები. მცირე რაოდენობით ჭამს წყლის მცენარეთა ვეგეტატიურ ნაწილებსაც.
მნიშვნელობა
თუმცა დიდი ზომის იხვია, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. მოიპოვებენ მხოლოდ მცირე რაოდენობით.