შავი ზღვის სრუტეების რეჟიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავი ზღვის სრუტეების რეჟიმი – არეგულირებს საერთაშორისო ნაოსნობას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში, რომლებიც მათ შორის მდებარე მარმარილოს ზღვასთან ერთად შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელი ერთადერთი სანაოსნო გზაა. შავი ზღვის სრუტეები ღიაა ყველა ქვეყნის სავაჭრო გემებისათვის, რაც გამოცხადდა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში რუსეთ-თურქეთის არაერთი ხელშეკრულებით, ხოლო შემდეგ დადასტურდა მონტრეს კონფერენციით 1936, რომელსაც ხელი მოაწერეს საბჭოთა კავშირმა, თურქეთმა,დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, საბერძნეთმა, რუმინეთმა, იუგოსლავიამ, იტალიამ და იაპონიამ. კონვენცია წარმოადგენს მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს შავი ზღვის სრუტეების თანამედროვე სამართლებრივ რეჟიმს.

კონვენციის თანახმად, სრუტეში გავლისა და ცურვის უფლება აქვს ყველა სახელმწიფოს სავაჭრო გემს განსაზღვრული პირობების დაცვით. ეს პრინციპი ძალას ინარჩუნებს ომის დროსაც, თუ ომში თურქეთი არ მონაწილეობს. შავი ზღვის სრუტეებში არაშავიზღვისპირა სახელმწიფოთა სამხედრო ხომალდების გავლისთვის დაწესებულია არსებითი შეზღუდვები: სრუტეში გავლა შეუძლიათ მხოლოდ მსუბუქ წყალზედა ხომალდებს, პატარა საბრძოლო და დამხმარე გემებს, ამასთანავე თითოეული გავლისას მათი საერთო ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 15 ათას ტონას; ერთდროულად არ უნდა გაიაროს 9-ზე მეტმა ხომალდმა: შავ ზღვაში მყოფი არა შავიზღვისპირა სახელმწიფოთა სამხედრო ხომალდების საერთო ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 45 ათას ტონას, სრუტეში ყოფნის ვადა – 3 კვირას.

შავიზღვისპირა სახელმწიფოთა სამხედრო ხომალდების გავლისათვის კონვენცია ითვალისწინებს შემდეგ წესებს: სახაზო გემებმა უნდა გაიარონ სათითაოდ არა უმეტეს 2 საესკადრო ნაღმოსნის თანხლებით, წყალქვეშა ნავებმა კი – ამოტივტივებულად, სამხედრო ხომალდების ყოველი გასვლის შესახებ შეტყობინება უნდა გაკეთდეს სულ მცირე 8 დღე-ღამით ადრე. თუ თურქეთი ომში მონაწილეობს, ან მიაჩნია, რომ უშუალოდ ომის საფრთხის წინაშე დგას, სრუტეში სამხედრო ხომალდების გავლა მხოლოდ მის შეხედულებაზეა დამოკიდებული. თუ თურქეთი ომში არ მონაწილეობს, შავი ზღვის სრუტეები უნდა დაიხუროს ყველა მებრძოლი სახელმწიფოს სამხედრო ხომალდებისათვის. თურქეთს უფლება აქვს, გაამაგროს სრუტე. სახელმწიფოთა სამოქალაქო საჰაერო ხომალდებს შავი ზღვის სრუტეებზე გადაფრენის უფლება აქვთ მხოლოდ განსაზღვრული პირობების დაცვით.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები