შავი კუნელი
Crataegus pentagyna Waldst. et Kit. – შავი კუნელი.
მეგრულად – უჩა ქუნცი, უჩა კაკალი.
რუხტოტებიანი ხეებია 3-8 (12) მ სიმაღლის, ზოგჯერ ბუჩქისებრი ფორმის, წვრილი ეკლებით. ფოთლები ზემოდან მუქი მწვანეა და მცირეოდენ პრიალა, ბეწვიანი, ქვემოდან ბუსუსიანია ან სრულიად შიშველი; საყვავილე ყლორტების ქვედა ფოთლები 2-5,5 სმ სიგრძისაა და დაახლოებით ასეთივე სიგანის, მათგან ქვედა ფოთლები 3-ნაკვთიანია, ზედა – 5-7-ად ფრთისებრ დაყოფილი; უნაყოფო ყლორტებზე ფოთლები 8-9 სმ ზომისაა. ყვავილები მცირე ზომისაა, თეთრი, შეკრებილია რთულ ფარისებრ მრავალყვავილიან ყვავილედებად. ნაყოფი შავია, სფერული, 3-5 სამკუთხა კურკიანი, რბილობი ვარდისფერია, ნაყოფობისას ზედვე შერჩენილი. ყვ.V-VI; ნაყ. VIII-IX.
იზრდება მთის შუა სარტყელში, ტყეებსა, ტყის პირებსა და ბუჩქნარებს შორის.
ნაყოფები შეიცავს ვიტამინებს: С, В ჯგუფის, ბეტა კაროტინს, რომელიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნას, ვიტამინ А, ანელებს დაბერების პროცესს.
მიკროელემენტებიდან აღინიშნება სპილენძი, თუთია, მაგნიუმი, რკინა. შავი კუნელის ნაყოფების სასარგებლო თვისებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა ასაკში. ხელს უწყობს არტერიალური წნევის დაწევას, აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, ხასიათდება დამამშვიდებელი ეფექტით, ამცირებს შფოთიანობას, ახდენს უჯრედების აღდგენას, ებრძვის კიბოს უჯრედებს, აძლიერებს იმუნიტეტს. ნაყოფების ჩაის იყენებენ გაციების, ანთებითი პროცესების დროს; ეს არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელსაც შესწევს უნარი ებრძოლოს ვირუსებს, ინფექციებს, გააუმჯობესოს სისხლის ხარისხი.
შავი კუნელი სასარგებლოა სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ: ათეროსკლეროზი – ნაყენი ამცირებს ქოლესტერინს; არითმია – ნახარში წარმატებით ახდენს გულის რიტმის აღდგენას; ეპილეფსია – არიდებს შეტევებს; უძილობა – ნახარშის მიღება ძილის წინ ხელს უწყობს დაძინებას; პანკრეატიტი – მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკმარისია დღის განმავლობაში რამდენიმე ნედლი ნაყოფის მიღება; ჰიპერტონია – ამცირებს წნევას რეგულარული მიღებისას; სტრესი – შესანიშნავი სედატური საშუალებაა. შველის აგრეთვე ანემიას, ხელს უწყობს ჰემოგლობინის ამაღლებას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ნერვებს.
კუნელის მიღება ეკრძალებათ იმ პირებს რომელთა სამუშაო კონცენტრაციას და კარგ ყურადღებას საჭიროებს. ასევე არ შეიძლება მათი გამოყენება მძღოლებისათვის, აგრეთვე არ უნდა გამოიყენონ პირებმა, რომლებიც წნევის მკვეთრი ცვალებადობით ხასიათდებიან, მისი მიღება ეკრძალებათ ქალებს მენსტრუაციის დროს, თვით მცირე დოზებითაც კი.