შავი ტრიუფელი
შავი ტრიუფელი (ლათ. Tuber melanosporum რუს. Трюфель чёрный)
ბუნებაში ტრიუფელის 50-ზე მეტი სახეობა არსებობს. მათგან საწარმოო მნიშვნელობისა მხოლოდ ორია – შავი და თეთრი ტრიუფელი (T. magnatum). შავი ტრიუფელი ძვირფასი დელიკატესია. იგი მეტად არომატულია და აქვს საუკეთესო გემო, რის გამოც ყველაზე სახელგანთქმული სოკოა მსოფლიოში. პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად „შავ ბრილიანტს“ უწოდებენ.
ნაყოფსხეული – ბოლქვისებრია, 2-9 სმ, ზედაპირი დაფარულია წვრილი 4-6 წახნაგიანი პირამიდისებრი მეჭეჭებით, თავიდან მოწითალო-ყავისფერი, შემდგომ შავი ფერისაა. კანი თხელი აქვს.
რბილობი – მკვრივია, ნორჩობაში მოყავისფრო–მოწითალოა, შემდეგ შავი. ახასიათებს ძლიერი პიკანტური სუნი და სასიამოვნო მომწარო გემო, გადანაჭერზე მკაფიოდ ჩანს მოთეთრო ან მოყავისფრო-ჟანგისფერი დაკლაკნილი ძარღვები ან განშტოებანი.
სპორები — მოშავო.
იზრდება ფოთლოვან ტყეში, მიწის ქვეშ 8-10 სმ-ზე, ზოგჯერ ნახევარ მეტრზედაც. ქმნის მიკორიზას მუხასთან, წიფელთან, რცხილასთან და თხილნარებთან. მისი წარმატებული ზრდისათვის საჭიროა საკმაოდ თბილი კლიმატი, კირიან-ღორღიანი ნიადაგი. ასეთი პირობებია სამხრეთ საფრანგეთსა და ჩრდილო იტალიაში, ძალიან იშვიათად შავ ტრიუფელს პოულობენ გერმანიის სამხრეთ რაიონებშიც. სოკოს მიგნება ძალიან ძნელია, მის ადგილმდებარეობას ოდნავ შესამჩნევი გადამხმარი ბორცვების მიხედვით თუ გამოვიცნობთ.
საუკეთესო საჭმელი სოკოა, ახასიათებს მძაფრი სასიამოვნო სუნი, რაც იზიდავს გარეულ ღორებს, რომლებიც თხრიან მას და ამით ხელს უწყობენ სოკოს გამრავლებას.
ტრიუფელის შესაგროვებლად გაწვრთნილ ძაღლებსა და ღორებს იყენებენ. არსებობს გასული საუკუნის დასაწყისში გამოსული ლიტერატურა ტრიუფელის შეგროვებაზე შინაური ცხოველების საშუალებით, – სადაც გვხვდება შემდეგი რეკომენდაციები: „ტრიუფელების მოსაძებნად გამოიყენება როგორც ნეზვი, ისე ტახი ღორები, მაგრამ ნეზვი უკეთესია, რადგან მათ აქვთ ყოველწლიური ნაყოფიერება და ტრიუფელებზე ნადირობის ალღო გადაეცემა მათ შთამომავლობას“.
ტრიუფელების შესაგროვებლად გამოიყენება სხვადასხვა ჯიშის გაწვრთნილი, უპირატესად ტანდაბალი ძაღლები, მონადირე ძაღლების გარდა, რადგან ისინი ტყეში შეიძლება ფრინველებს გაედევნონ.
ამჟამად ტრიუფელებს ე.წ. „ტრიუფელის ბუზების“ საშუალებითაც პოულობენ. ბუზები თავიანთ კვერცხებს ტრიუფელის სოკოსთან ახლოს დებენ, რადგან მათი მატლები ამ სოკოს ნაყოფით იკვებებიან თუ შეამჩნევენ ოდნავ ამობურცული ნიადაგის ირგვლივ წვრილი ბუზების ორომტრიალს, ეს უკვე ნიშნავს ტრიუფელის ადგილსამყოფელის პოვნას. ამ ადგილზე ფრთხილად ამოთხრიან ნიადაგს და ამოიღებენ ძვირფას სოკოს.
შავი ტრიუფელი მოჰყავთ ხელოვნურადაც, მისი მთავარი მწარმოებელი ქვეყანა საფრანგეთია, სადაც ყოველწლიურად 100-200 ტ შავი ტრიუფელი მოჰყავდათ; გარკვეულ წლებში მისი მოსავლიანობა 800 ტონამდეც კი ასულა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ, თუ 1892 წელს მოპოვებული იქნა 2000 ტ (ტყეებში – ბუნებრივად, ხოლო პლანტაციებში – ნახევრად ხელოვნურად), 1970 წელს კი – 20-ჯერ ნაკლები, სულ 100 ტ. შავი ტრიუფელის ხელოვნურად მოსაყვანად ფაქტიურად საჭიროა ახალი მუხის პლანტაციის გაშენება, ამასთანავე, ნიადაგში ამატებენ იმ რაიონების ტყის მიწას, სადაც ტრიუფელი ბუნებრივად მოდის და, შესაბამისად, ამ სოკოს მიცელიუმსაც შეიცავს.
გულმოდგინე და მრავალწლიანი მოვლის შედეგად, მიცელიუმის გადარგვიდან 6-7 წლის შემდეგ მივიღებთ პირველ მოსავალს. ნაყოფიანობა 25-30 წელს გრძელდება.
ამჟამად საფრანგეთში არის ფირმა, რომელიც აწარმოებს მიკორიზულ ნათესრებს, რომლებითაც ამარაგებენ სპეცმეურნეობებს. ამიტომ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებშიც, სადაც აწარმოებენ ტრიუფელს, ბუნებრივი მიცელიუმის შემცველი მიწის გადატანის საჭიროება აღარ არსებობს. შავი ტრიუფელის ნაყოფსხეულები ნიადაგში ბუდეებად არიან განლაგებულნი 3-7 ცალი ერთად. სიმწიფეში ბუდეებთან პატარა ბორცვები ჩნდება და, ამასთანავე, მათზე ბალახი ხმება, რაც იმის ნიშანია, რომ მოსავლის აღების დროა.
ფრანგული სამზარეულოს ეს ძვირფასი დელიკატესი ფრანგი ფერმერებისთვის არა მხოლოდ შემოსავლის წყაროდ, არამედ დიდ თავსატეხადაც ქცეულა. ფერმერები ყოველწლიურად დაახლოებით 30 000კგ ტრიუფელს იღებენ, თუ გავითვალიწინებთ, რომ 1კგ-ის ფასი 700 ევროდან იწყება, ეს არც ისე მცირე თანხაა მათთვის. მთავარი პრობლემა სოკოს მოძებნა კი არა, მისი დაცვაა. „სოკოზე მონადირენი“ ფერმებს ღამე შეესევიან ხოლმე და ხშირად ასობით კგ. სოკოს იპარავენ. ისინი აღჭურვილნი არიან ღამის ხედვის მოწყობილობებით, დადიან ჯიპებით, დაჰყავთ კარგად გაწვრთნილი ძაღლები, ამიტომ ბევრი ფერმერი დაქირავებულ დარაჯს ერთ ღამეში 80 ევრომდე ხელფასს უხდის ბანდიტთა წინააღმდეგ საბრძოლველად. დეტექტივები სოკოს გადასაზიდ კონტეინერებში სპეციალურ ჩიპებს ამონტაჟებენ. (ასეთი ჩიპის მეშვეობით შესაძლებელი გახდა კარგად ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფის დაკავება, რომელთა წლიური შემოსავალი რამდენიმე მილიონ დოლარს აღემატებოდა). ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში ტრიუფელის მოყვანა არარენტაბელური ხდება და ამიტომ მიმდინარეობს ძიება ამ სოკოს მოსავლიანობის გასაზრდელად და თვითღირებულების შესამცირებლად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შავი ტრიუფელის მოსავლიანობა მაინც კლებულობს, რის გამოც მათმა ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია და ერთ კილოგრამზე 700 ევროს გადააჭარბა.
ამონაწერი ინტერნეტიდან – 2001 წ., ნატალია ცვეტოვა: „ყველაზე ძვირად ღირებულ დელიკატესთა სიაში მოხდა როტაცია, – იტალიის ჩრდილოეთში დაფიქსირდა რეკორდულად მაღალი ფასი შავ ტრიუფელზე. იქ დელიკატესი გამხმარი სოკოს 1 გ. 17 დოლარად იყიდებოდა, რაც მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასზე 1,5 ჯერ მაღალია“.