იშხვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შავი ყარყატი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იშხვარი

იშხვარი, შავი ყარყატი (ლათ. Ciconia nigra Linnaeus, 1758) – ფრინველი ყარყატისებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 525-590 მმ-ია, ნისკარტი – 170-195 მმ, წონა − 3000 გ-მდე. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. სხვა ყარყატებისაგან შეფერილობითაც კარგად გამოირჩევა. თავი, კისერი, ჩიჩახვი, ზურგის მხარე, ფრთები და კუდი შავი აქვს, ნაირგვარი ელფერით, ზოგიერთ უბნებში მეტალური ელვარებით. სხეულის მუცლის მხარე, ჩიჩახვისა და კისრის გარდა, და იღლიები თეთრია. ნისკარტი სწორი, გრძელი, მახვილი და წითელია. მაღალი ფეხებიც წითელია.

სარჩევი

გავრცელება

გავრცელებულია ევრაზიის ტყის ზონებში, საქართველოში გვხვდება ბორჯომ-ბაკურიანის მიდამოებში, კარწახის, მადათაფისა და ფარავნის ტბების სიახლოვეს. ბუდობს ხეებზე, ტყეებში, კლდეებზე, ჭაობებისა და ტბების პირას. იშვიათი ფრინველია, რომლის რიცხოვნობა მკვეთრად მცირდება. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც გამქრალი ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობა.

ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, რომლის ჩრდილოეთი საზღვარი 61-ე პარალელამდე აღწევს, ხოლო სამხრეთით სცილდება სსრ კავშირის საზღვრებს და აღწევს სპარსეთის ყურემდე და ჰიმალაის მთებამდე. იზამთრებს სამხრეთ აფრიკასა და აზიაში. საქართველოში მცირერიცხოვნად ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

უდაბური ტყეები როგორც დაბლობებში, ისე მთებში, ზოგჯერ ღია, მაგრამ კლდოვანი ადგილები, თუმცა აუცილებელია წყლისა და ვრცელი ჭაობების სიახლოვე.

გამრავლება

სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკში. გამრავლებას იწყებს აპრილის პირველ ნახევარში. ბუდეს იკეთებს მაღალსა და ხნიერ ხეზე, ზოგჯერ მიუვალ კლდეებზე. ჩვეულებრივად დებს 4 კვერცხს, იშვიათად 5-საც. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დაზუსტებას მოითხოვს. ფიქრობენ, რომ იგი 40 დღეს უნდა აჭარბებდეს.

კვება

იშხვარის საკვების შედგენილობა დაწვრილებით შესწავლილი არაა. უმთავრესი მაინც თევზებია. უფრო ნაკლებად ჭამს მწერებს, ბაყაყებსა და ქვეწარმავლებს. საკვების შედგენილობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა უფრო მეტია ჭაობში, სადაც ეს ფრინველი ჩვეულებრივად იკვებება.

მნიშვნელობა

იშხვარის რიცხობრიობა ძლიერ შემცირებულია. ამიტომ მისი პრაქტიკული მნიშვნელობა დიდი არაა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები