ყარყატისებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაკლაკი

ყარყატისებრნი (ლათ. – Coconiidae) − ფრინველთა ოჯახი ყარყატისნაირთა რიგისა. ყარყატისებრთა ოჯახში გაერთიანებულია დიდი ზომის ფრინველები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მაღალი ფეხები და გრძელი კისერი, სწორი, გრძელი და კონუსური ფორმის ნისკარტი, ნისკარტზედას წვეროს მახლობლად – კბილაკები; გრძელი, მაგრამ ბლაგვი ფრთები. გრძელია მეორე რიგის მომქნევებიც. შეუძლიათ კარგად ფრენა გაშლილი ფრთებით, მათი აქტიური ქნევის გარეშე, ე. ი. ლივლივით. ზომიერი სიგრძის კუდი სწორია და შედგება საჭის 6 წყვილი ბუმბულისაგან. თავსა და კისერზე არის შეუმოსავი უბნები. შეუმოსავია წვივის ქვემო ნახევარი ან ერთი მესამედი მაინც. გალო დაფარულია წვრილი, მრავალკუთხა ფირფიტებით და ბადისებური აგებულება აქვს. თითები შედარებით მოკლეა, რომლებზედაც ბლაგვი და მობრტყელო ბრჭყალებია. ბრჭყალებს დაკბილული კიდეები არა აქვთ. წინა თითები ძირში ერთმანეთთან აპკით არიან შეერთებული. უკანა თითი მდებარეობს სხვა თითების დონეზე, კარგადაა განვითარებული და სიარულის დროს, სხვა თითებთან ერთად, საყრდენის როლს ასრულებს. კონტურულ ბუმბულებს აქვთ პატარა გვერდითი ღეროებიც. ღინღლი თანაბრად ფარავს როგორც პტერილიებს, ისე აპტერიებს. შეფერილობას განაპირობებს შავი და თეთრი ფერების კომბინაცია. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული.

ყარყატისებრთა წარმომადგენლებს საბგერი იოგები არ უვითარდებათ და ხმის გაღება არ შეუძლიათ. ისინი მხოლოდ ნისკარტის ტკაცუნით გამოსცემენ ბგერებს. ფრენის დროს, ყანჩებისაგან განსხვავებით, კისერი გაჭიმული აქვთ.

ყარყატისებრნი გავრცელებულია ყველა კონტინენტზე, მაგრამ უმრავლესობა მაინც ინდო-მალაის ოლქში და აფრიკაში მოიპოვება. მათი ტიპობრივი ადგილსამყოფელოა მდელოები, მდინარეთა ვრცელი დაბლობები, ბალახიანი ჭაობები და წყალსატევების მახლობელი ველები, ცალკე მდგომი ხეებით ან ტყის ფრაგმენტებით.

ოჯახი შეიცავს 11 მონოტიპურ ანუ სახეობებით ღარიბ გვარს, 17 სახეობით. პალეარქტიკაში მხოლოდ ერთი გვარის 2 სახეობა ბუდობს. საქართველოშიც ერთი გვარის წარმომადგენლები გვხვდება.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები