ჭაობი
ჭაობი – დედამიწის ზედაპირის განსაკუთრებული ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უტორფო ან ტორფიანი, მუდმივად ტენიანი გრუნტი და სპეციფიკური მცენარეულობა, რომელშიც გაბატონებულია ჰელოფიტები. ჭაობი, მარში, ჭანჭრობი, ტბისა და მდინარის დატბორილი ნაპირები, ესტუარი – ყველა მიკუთვნება დაჭაობებულ ტერიტორიას. ისინი მრავალ ჰაბიტატს ქმნის მცენარეებისა და ცხოველებისთვის, რომლებიც ღრმა წყლებში და მშრალ ხმელეთზე ვერ ცხოვრობენ. ფრინველებისათვის იდეალური ადგილია: ბინადრობს უამრავი თევზი, მცენარე და მწერი, რაც მათ საკვებ ბაზას შეადგენს; ყველგან ხარობს ლელქაში და ჭილი ბუდის გასაკეთებლად. მდინარეები გამუდმებით ლექავს მოტანილ ნაშალ მასალას, ტალახში მცენარეულობა იზრდება, ამიტომ დაჭაობებული ადგილები დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იერსახეს იცვლის. ბევრ მათგანს საფრთხე ემუქრება, რადგან ჯერ ამოაშრობენ, შემდეგ კი ფერმერული და სატყეო მეურნეობისათვის ან სამშენებლო უბნებად იყენებენ. ზოგჯერ ხდება ჭ. დაშრობა ავადმყოფობის გამავრცელებელი პარაზიტი მწერების გასანადგურებლად.