ყარყატისნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყარყატისნაირნი (ლათ. Ciconiiformes) — ფრინველთა რიგი. ყარყატისნაირთა რიგი აერთიანებს უპირატესად დიდი და საშუალო ზომის ფრინველებს, რომლებიც საკმაოდ განსხვავებული გარეგნობისანი არიან, მაგრამ მათი საერთო ნიშნებია გრძელი ნისკარტი და კისერი, მაღალი, ოთხთითიანი ფეხები. თითებიც გრძელია და ხშირად წვრილი და გრძელი ბრჭყალებით ბოლოვდებიან. ტერფის ასეთი აგებულება ადიდებს მის საყრდნობ ზედაპირს. შუა და გარეთა თითები ძირში ერთმანეთთან აპკით არიან შეერთებული. ზოგჯერ აპკი აერთებს წინა სამივე თითის ძირებს. სახეობების უმრავლესობას სახის ზოგიერთი ნაწილი, გალო და ხშირად წვივის ქვემო ნახევარი შეუმოსავი აქვთ. ფრთები საკმაოდ გრძელი, მაგრამ ფართო და ბლაგვია. მიუხედავად ამისა, კარგად ფრენენ არა მარტო ფრთების აქტიური ქნევით, არამედ ლივლივითაც. კუდი მოკლე, სწორი ან ოდნავ მომრგვალებულია. ნისკარტის აგებულება ნაირგვარია: ყანჩებსა და ყარყატებს აქვთ სწორი და მახვილი ნისკარტი, ზოგიერთ ყარყატს ოდნავ ზემოთაც აშვერილი; ივეოსებს – გრძელი და რკალისებურად ქვემოთ მოხრილი; ჟეროს – გაბრტყელებული და ბოლოში ნიჩაბივით გაფართოებული.

ყარყატისნაირთა შეფერილობა ნაირგვარია. მცირე გამონაკლისის გარდა, სქესთა შორის შეფერილობაში უმნიშვნელო განსხვავებაა. ახალგაზრდა ფრინველები კი ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მოზრდილებისაგან. ზაფხულის ბუმბულსაფარველში დამახასიათებელია ნაირგვარი მორთულობის დაგრძელებული ლენტისებური ბუმბულები სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

ყარყატისნაირებს შორის არიან დღის, ბინდისა და ღამის ფრინველები. უმრავლესობა ბინადრობს წყალსატევების მახლობლად, ტენიან მდელოებზე ან ჭაობებში, მაგრამ არიან მშრალი და ღია ადგილების სახეობებიც. იკვებებიან ნაირგვარი ცხოველური საკვებით. ზოგიერთ სახეობაში კარგადაა გამოხატული ვიწრო სპეციალიზაცია რომელიმე საკვებისადმი.

მონოგამიური ფრინველებია. დედალიცა და მამალიც მონაწილეობენ ბუდის აგებასა და მართვეების კვებაში. უფრო ხშირად ბუდობენ კოლონიებად, ზოგიერთი კი – ცალკე წყვილებად. ბუდე უმრავლეს შემთხვევაში პრიმიტიულია. გამონაკლისია აფრიკაში და მადაგასკარზე მობუდარი თავჩაქუჩა ყანჩა, რომელიც ხეზე, ბუჩქზე ან კლდეზე აკეთებს სფეროსმაგვარ ბუდეს. იგი 2 ძ-ძდე დიამეტრისაა და სამსაკნიანი, გვერდიდან კი შესასვლელი აქვს. ყარყატისნაირნი დებენ 2-9 კვერცხს, საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა პატარა ზომის ფრინველებში 17-20 დღეა, ხოლო დიდი ზომისაში – ხშირად თვესაც აჭარბებს. მართვეები იჩეკებიან თვალაუხილავნი, ტიტველი და უსუსურნი, თუმცა საკუთრივ ყარყატების მართვეები თვალებახილულნი იჩეკებიან.

რიგში გაერთიანებულია 5 ოჯახი, 120-მდე სახეობით, რომლებიც გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, მეტწილად კი ტროპიკულსა და სუბტროპიკულ რაიონებში. საქართველოში გვხვდება 3 ოჯახის წარმომადგენლები.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები