ყანჩისებრნი
ყანჩისებრნი (ლათ. Ardeidae) — ფრინველთა ოჯახი ყარყატისნაირთა რიგისა. ყანჩისებრთა ოჯახი ყველაზე რიცხვმრავალია ყარყატისნაირთა რიგში. იგი აერთიანებს ნაირგვარი სიდიდის ფრინველებს, რომელთაგან ყველაზე დიდი 2 კგ-ს აჭარბებს. აქვთ ვიწრო და მოგრძო სხეული, გრძელი და კონუსური ნისკარტი, რომელიც წვეროში მახვილია, ხოლო ყბების კიდეები დაკბილულია. ნისკარტზედას ორივე მხარეს ღარები გასდევს. ამ ღარებში, ნისკარტის ძირთან ახლოს, განლაგებულია ნესტოები. გალო უმრავლესობას გრძელი აქვს. იგი უკანა მხრიდან ქერცლებითაა დაფარული, ხოლო წინა მხრიდან – ფარებით. თითები გრძელია. უკანა თითი სხვა თითების დონეზეა. შუა და გარეთა თითების ძირში კარგად შესამჩნევი აპკია. ზოგიერთ სახეობას აპკი აქვს ყველა წინა თითის ძირში. ბრჭყალები ვიწრო, გრძელი და მახვილია. შუა თითის ბრჭყალის შიგნითა კიდე დაკბილულია.
პირის კუთხეები და თვალების ირგვლივ მიდამოები შეუმოსავია. ფრთები მოკლეა და ბლაგვი, კუდი მოკლე და სწორად მოკვეთილი. კონტურულ ბუმბულებს აქვთ გვერდითი, დამატებითი ღეროები. ღინღლი ფარავს აპტერიების დიდ ნაწილსაც. ტანზე არის ე. წ. „ფხვნილისებური ღინღლით“ დაფარული უბნები. „ფხვნილისებური ღინღლის“ დანიშნულებაა ბუმბულის დაცვა დასველებისაგან. გამრავლების დროს ბუმბულსაფარველში ვითარდება წაგრძელებული, დაცარული და ლენტისებური ბუმბულები, რომლებიც შემოდგომით ეცვლებათ. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი უმრავლეს შემთხვევაში სუსტადაა გამოხატული.
ბინადრობენ ჭალებში, დამდგარი თუ გამდინარე წყალსატევების სანაპიროებზე, სადაც უხვადაა ჭაობის მცენარეულობა ან ბუჩქნარები. იკვებებიან ნაირგვარი წყლისა და ხმელეთის ცხოველებით: თევზებით, თაგვისებრი მღრღნელებით, ბაყაყებით, გველებით, ხვლიკებით და სხვ. ზოგიერთი მათგანი ღამის ან ბინდის ფრინველია, მაგრამ უმრავლესობა დღისით არიან აქტიურნი.
სახეობების უმრავლესობა ფართოდაა გავრცელებული ზომიერ, სუბტროპიკულსა და ტროპიკულ რაიონებში მთელ დედამიწაზე. ჩრდილოეთ განედებში მობუდარი სახეობები გადამფრენია. იზამთრებენ ხმელთაშუა ზღვის აუზში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე, შუა და სამხრეთ აზიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე.
ოჯახში 140-მდე სახეობა და ქვესახეობაა, რომლებიც რამდენიმე გვარშია გაერთიანებული. საქართველოში გვხვდება 7 გვარის წარმომადგენლები.