წყლის ბუღა
წყლის ბუღა (ლათ. Botaurus stellaris Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი ყარყატისნაირთა რიგიდან. საკმაოდ დიდი ფრინველია, ფრთა 300-360 მმ-ია, ნისკარტი − 60-75 მმ, წონა – საშუალოდ 1000 გ, თუმცა ნაპოვნია ეგზემპლარი, რომლის წონა 1700 გ-ს აჭარბებდა. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობით ორივე სქესის ფრინველი ერთნაირია. თხემი შავია, კეფის ბუმბულებზე ჟანგმიწისფერი არშიებით. ზურგი შავია, მაგრამ ბუმბულებს მოყვითალო-ჟანგისფერი არშიები აქვთ. მომქნევები მოჟანგისფრო-ქარცია, უსწორმასწორო მუქი მურა განივი ლაქებით. საჭის ბუმბულები მოყვითალო-მურაა, მოშავო სიჭრელით. ყელი მოთეთროა, გასწვრივი მოჟანგისფრო ზოლით. მუცლის მხარე ჟანგმიწისფერია, მურა განივი ზოლებით. ნისკარტი მომწვანო-ყვითელია, სწორი და მახვილი, ხოლო წვეროში წვრილი კბილაკები აქვს.
ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი წყლის ბუღა B. s. stellaris Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ევროპაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისს, სამხრეთ შვეციას, ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, ესპანეთს, პორტუგალიას, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს, სსრ კავშირის ევროპულ ნაწილს; აფრიკაში – ალჟირს, მაროკოს, ტუნისს და სამხრეთ აფრიკას; აზიაში – ზომიერ სარტყელს, ჩრდილოეთით 58-62-ე პარალელებიდან, სამხრეთით – პალესტინას, მცირე აზიას, ირანს, ჯუნგარიას და კაშგარიას, ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთს, სახალინს და იაპონიას. ზამთრობს ჩრდილოეთ და ტროპიკულ აფრიკაში, არაბეთში, ჩრდილოეთ ინდოეთში, ბირმაში, სამხრეთ ჩინეთში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
წყალსატევები და ჭაობები, უხვად განვითარებული წყლის მცენარეულობით – ლელით, ლერწმით, ტირიფებითა და ნაირგვარი ბუჩქნარებით.
გამრავლება
ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს წყალსატევების სანაპიროებთან, ჭაობში ან პატარა კუნძულებზე – ჩალეწილი ხმელი ლელის გროვაზე ან კოლბოხებზე. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 3-5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება.
კვება
უმთავრესია ცხოველური საკვები. აღნიშნულია ნაწილობრივ მცენარეული საკვების მოხმარებაც. ცხოველურიდან უმთავრესია თევზები, ბაყაყები, თავკომბალები, ტრიტონი, ჭიები, წყალთან დაკავშირებული ნაირგვარი მწერები, აგრეთვე ქვეწარმავლები (გველები, ხვლიკები) და ძუძუმწოვრებიდან ზოგჯერ თაგვისებური მღრღნელები.
მნიშვნელობა
დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.