ყარყატი
ყარყატი (ლათ. Ciconia ciconia Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი ყარყატისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 2 სახეობა − ყარყატი და იშხვარი
ყარყატი დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 555-580 მმ-ია, ნისკარტი – 145-185 მმ, წონა 3000-4400 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. საერთო შეფერილობა თეთრია, მხოლოდ მომქნევები, მათი ზედა მფარავები და მხრის წაგრძელებული ბუმბულებია შავი. ნისკარტი წითელია, თვალების ირგვლივ ტიტველი რგოლი – შავი. ფეხები – წითელი, თვალები – მოწითალო.
ცნობილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ყარყატი – C. c. ciconia Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ევროპაში – აღმოსავლეთ საფრანგეთს, პორტუგალიას, ესპანეთს, შვეციას, გერმანიას, შვეიცარიას, ავსტრიას, უნგრეთს, ჰოლანდიას, სამხრეთ ჩეხოსლოვაკიას, ბალკანეთის ქვეყნებს; სსრ კავშირში ბალტიისპირეთს, ფსკოვს, ლენინგრადს, სმოლენსკის, ხარკოვის, ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებს; ჩრდილოეთ აფრიკაში – ალჟირს, ტუნისსა და მაროკოს; აზიაში მცირე აზიას, დასავლეთ ირანს, პალესტინასა და ერაყს. მოიპოვება აგრეთვე შორეულ აღმოსავლეთში – იაპონიაში, კორეასა და ზღვისპირეთში. არის შუა აზიასა და ამიერკავკასიაში. ზამთრობს აფრიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბუდობისათვის ირჩევს უმთავრესად დასახლებულ პუნქტებს, ცალკეულ დიდტანიან ხეებს, ბოძებს, კოშკებსა და სხვა მაღალ ნაგებობებს, განლაგებულს ღია, ვაკე ან გორაკიან ადგილებში, მაგრამ ჭაობის, დამდგარი წყალსატევების ან ნოტიო მდელოების მახლობლად, სადაც მოიპოვება მისთვის საჭირო საკვები. საკვების მოსაპოვებლად გამოდის მშრალ ველებშიც.
გამრავლება
სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2 წლის ასაკში. გამრავლება მონოგამიურია, ხოლო წყვილები – მუდმივი. ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ზოგჯერ ბუდეები ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ კოლონიური ბუდობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ბუდეს აკეთებს ხეზე, სახლების სახურავზე, ტელეგრაფის თუ მაღალი ძაბვის ელექტრონის ბოძებზე, თივის ზვინებზე. აპრილის დასაწყისში დებს 2-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 33-34 დღეს გრძელდება.
კვება
ყარყატი იკვებება ნაირგვარი ცხოველებით: მწერებით, მოლუსკებით, თევზებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, ზოგიერთი მცირე ზომის ფრინველებითა და მათი ბარტყებით, თაგვისებური მღრღნელებით და კურდღლის პატარა ბაჭიებითაც კი.
მნიშვნელობა
მრავალი მავნე მწერისა და თაგვისებური მღრღნელების განადგურებით, გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.