შაინიძე ჟუჟუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟუჟუნა შაინიძე

შაინიძე ჟუჟუნა − (1959), პოეტი, ჟურნალისტი, ფილოლოგი. დაიბადა სოფელ რაქვთაში (ხულო). 1984 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1979 წლიდან პერიოდულად იბეჭდება სხვადასხვა გამოცემებში: „ლიტერატურული საქართველო”, „ცისკარი”, „განთიადი”, „ჩვენი მწერლობა”, „ენიგმა”, „ენა და კულტურა” და სხვა. არის 4 პოეტური კრებულის ავტორი და ათზე მეტი გამოცემის თანაავტორი. მისი ლექსები შეტანილია უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში. რამდენიმე მათგანზე შექმნილია სიმღერები. 1992-1993 წლებში მისივე რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურული გაზეთი „ანაშხალი”. 1995-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციაში კონსულტანტად, ახალგაზრდა მწერალთა სექციის ხელმძღვანელად.


* * *
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დრო იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით,
სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში, ღმერთო, აქაც ბოლო ვიყავი.
რომ მეთხოვნა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო,
რომელიმე მადლიანსაც იქნებ მსხვერპლიც გაეღო,
მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო,
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
სიყვარული დამითმეო, ვისთვის მეკადრებინა?
სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა.
და როდესაც დახლთან მიველ კითხვიანი თვალებით,
სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები,
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული,
და გამყიდველს ისიც სხვისთვის ჰქონდა გადადებული.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, უსათუთეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები