შალაშვილი ცირა
შალაშვილი ცირა − (1942), მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ ჭიკაანში (ყვარელი). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მოგვიანებით კი დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ „ფეიქარის”, ჟურნალ „განთიადის” რედაქციებში, გამომცემლობა „საქართველოში”, საზოგადოება „ცოდნაში”. გაზეთ „ქუთაისის” რედაქციაში განყოფილების გამგედ, მთავარი რედაქტორის მოადგილედ. 1998 წლიდან გაზეთ „საღამოს ქუთაისის” მთავარი რედაქტორი იყო. პირველი ლექსი „გელათი” გამო აქვეყნა 1966 წელს გაზეთ „ქუთაისში”. გამოცემულია ცირა შალაშვილის 17 პოეტური კრებული (მათ შორისაა: „მკათათვე”, „ქარის წელიწადი”, „მასწავლეთ მიწაზე სიარული”, „წერილები „მონატრებიდან”, „ვერნისაჟი”, „აკვარიუმი”, „შობიდან აღდგომამდე”) და რომანი „წვიმების სეზონი”.
- * * *
- რა ვუთხრა ანას,
- რომ შემხვდება, რა ვუთხრა მურმანს,
- წალეკა-მეთქი ეს ქვეყანა
- მტრობამ და შურმა?
- გააპარტახა სული მიწის ოქრომ და ფულმა
- და ვირმა, ჯერაც, რა ხილია, ვერ იცნო ხურმა?
- რა ვუპასუხო,
- მკითხავს, ვიცი, თუ გნებავთ, მუხრანს!
- რად ვკვდები-მეთქი მეათასედ,
- ასე რად ვწუხვარ,
- რატომ ჩაუქრა ცეცხლი, რა ვთქვა,
- ძველისძველ ბუხარს,
- რად გადაფარა უცხო ჯაგმა თელა და მუხა!
- რომ შემომხედავს წარბაწევით,
- რა ვუთხრა მუხრანს!
- ანდა რა ვუყო, რა უნდა ვქნა,
- რა ვუთხრა ანას,
- არაქართულად რომ შრიალებს ბაღი და ყანა.
- ვისი ჯიშია,
- რომ ამატებს სართულს და სართულს,
- ქართულ მიწაზე ვინ მიწესებს
- ჟამს არაქართულს...
- სამშობლოს ჩემსას
- სახვალიო ღიმილს ვინ ჰპარავს, −
- რომ შემეკითხოს, რას მიბრძანებთ,
- რა ვუთხრა ანას!