შალახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შალახი(სინონიმი: ლიმონისებრი); გარგარის სომხური ჯიშია; ფართოდ გავრცელებულია სომხეთის რაიონებში და ფასდება როგორც საუკეთესო საკონსერვო და სუფრის ჯიში.

საქართველოს რაიონებში ნაკლებად არის გავრცელებული. გვხვდება თითო–ოროლა ხის სახით. უკანასკნელ წლებში შეტანილია სამრეწველო ასორტიმენტში, სანერგეებში გარგარების ჯიშებს შორის ამ ჯიშს დიდი კუთრი წონა აქვს დათმობილი.

ხე სახიათდება მძლავრი ზრდით, განიერ–მომრგვალო გადაშლილი ვარჯით, რომელიც უხვად არის შეფოთლილი. ფოთოლი მსხვილია, მომრგვალო–კვერცხისებრი ფორმის. ერთწლიანი ყლორტები მოყომრალო–წითელი ფერისაა. ყვავილობა ადრეულა იცის, რის შედეგადაც საქართველოს რაიონებში მისი მოსავლის რაოდენობა ხშირად მერყეობს. ნაყოფი ძლიერ მსხვილი (5,0X4,5X4,6 სმ.); ერთი ნაყოფის საშუალო წონა 85 გრამს უდრის. ნაყოფი ლამაზი ელიფსოიდისმაგვარი ფორმისაა, ცოტათი შევიწროებული ფუძით, მომრგვალო, ოდნავ ჩაზნექილი ბოლოთი.

ნაყოფის კანი მკვრივია, სქელი. შეფერვა თანაბარი. ღია მოყვითალო ფერისაა; სუსტად შებუსვილია მოკლე ხავერდისებური ბუსუსით. იშვიათ შემთხვევაში ნაყოფს მზის მხარეზე ემჩნევა ნაზი ვარდისფერი შეფერვა.

ნაყოფის ხორცი საშუალო სიმკვრივისაა, კარგად გამოხატული ძარღვიანობით, წვნიანი, ტკბილი, სუსტი მჟავეობით, ნაკლებად სურნელოვანი, სასიამოვნო გემოსი; გადამწიფებისას ხორცი არ ღებულობს ფქვილისებურ კონსისტენციას. ნაყოფიდან მზადდება მაღალი ხარისხის კომპოტი. კურკა კარგად ეცლება. იგი შეადგენს ნაყოფის წონის 5%–ს.

ჯიში ადვილად ავადდება „Monilia“-ით, ხოლო ლაქიანობის მიმართ შედარებით გამძლეა.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები