იოსელიანი შალვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა შალვა იოსელიანი-დან)
იოსელიანი შალვა − (1914 − 1941), ქართველი პოეტი. დაიბადა წყალტუბოში. მეორე მსოფლიო ომის სსრკ-ს ტერიტორიაზე დაწყებისთანავე მოხალისედ წავიდა ფრონტზე. როგორც ბატალიონის კომისარი მონაწილეობდა ქერჩის ბრძოლებში და იქვე დაეცა 1941 წელს. შალვა იოსელიანის პირველი ლექსი დაიბეჭდა 1934 წელს. პირველი წიგნი – „სიმღერები“ – გამოვიდა 1937 წელს, ბათუმში. 1940 წელს გამოვიდა მისი ლექსების კრებული − „დაბრუნება”. შალვა იოსელიანის პოეტური სტიქია იყო საქართველოს წარმტაცი მხარის – აჭარის ბუნება და მისი ადამიანები. ახალგაზრდა პოეტის ლექსებში მომხიბლავად იძერწებოდა ზღვისპირეთის მშვენების – ბათუმის სურათები. მშობლიურ ქალაქს უძღვნა მან თავისი საუკეთესო ლექსები.
- * * *
- არ დარჩენილა არც ერთი პალმა,
- რომ შენს ლექსებში არ აშლილიყო,
- აგაცისკროვნა ლექსმა და ქალმა
- და სიყვარულმა მგოსნად მიგიღო.
- ფორთოხლის ტოტებს უმღერე დღემდი,
- ზღვამ ჭაბუკობა დაგიდასტურა,
- სივრცეში გაჭრილ თოლიას სდევდი,
- ტალღამ რამდენჯერ შხეფი გაპკურა.
- პერანგას მკერდზე დაანთე ცეცხლი,
- შენს თვალებს ცრემლი არ ეკიდება
- და სტრიქონებზე დათლილი ვერცხლი
- ჰგავს ზღვის უფსკრულში ნაპოვნ დიდებას.
- შენ გამოგზარდა მშობელმა კერამ
- და დაგილოცა ვაჟკაცის მკერდი.
- შენ გმირობაზე რომ არ გემღერა,
- რა იქნებოდი ლაჩარის მეტი.
- შენ უნდა გაჰყვე გრიგალის ჭიდილს,
- არ დააჩრდილო მას სარტოეთი.
- და რა იქნება იმაზე დიდი,
- ბედნიერების იყო პოეტი.
- იმღერე ასე, მღელვარე ბიჭო,
- ქარიშხალს სჭრიდეს ზღაპრული ნავი.
- შენ დადუმებულ ცხოვრებას გიჯობს
- ბრძოლაში მამულს შესწირო თავი.