შალიანის ხატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შალიანის ხატისვანეთის სოფელ კალის მახლობლად ერთ მაღალ ქიმზე აღმართულია წმ. კვირიკეს ეკლესია, სვანურად ლაგურკა, რომელშიც დასვენებულია ჯვარცმის ხატი – შალიანი.

თქმულება გადმოგვცემს მის თავგადასავალს. იფარის თემში სოფელ ზეგანში ცხოვრობდა ვინმე შალიანი. ერთხელ ამ შალიანმა თავის შვილს ძროხები გაარეკინა საძოვარზე. ერთი ძროხა შორს გაექცა და უკან რომ მოებრუნებია, ბიჭმა ძროხას პატარა ქვა ესროლა. ქვა ისეთი ბასრი ყოფილა, რომ ძროხას ფერდი გაუხვრიტა და იქვე მოკლა. გაიქცა ატირებული ბიჭი მამასთან და უამბო ეს ამბავი. მამამ მოაძებნინა ის ქვა და მჭედელთან წაიღო, გააჭედინა ცელი და ქვა იმ ცელის პირში ჩაატანებინა. იმ დროს სვანებს იმერეთის მეფისგან ვალდებულება ჰქონდათ: ყოველ წელიწადს გეგუთის მინდორი უნდა გაეთიბათ. მთიბელთა შორის შალიანიც ერია. ჩავიდნენ გეგუთში და შეუდგნენ თიბვას. შალიანმა ცხენს კუდზე გამოაბა თავისი ცელი და ცხენი მინდორზე მიუშვა. გავარდა ცხენი და სამი დღის სათიბი ნახევარ დღეში გათიბა. განცვიფრებულმა მეფემ დიდი ფასი შესთავაზა შალიანს, მაგრამ შალიანმა ფული უარყო და გასამრჯელოდ ჯვარცმის ხატი მოითხოვა. მეფემ მისცა ხატი და შალიანიც სხვა მთიბლებთან ერთად დაადგა სვანეთის გზას. შალიანმა ხატი თავის სოფელში ზეგანში მიიტანა და იქ ეკლესიაში დაასვენა, მაგრამ ხატი აფრინდა ზეგანიდან და კალის მახლობლად ერთ მაღალ კლდეზე დაბრძანდა და მერე ადგილიდან აღარ დაძრულა. და სწორედ ამ ადგილზე ააშენეს კალელებმა ეკლესია, რომელსაც ლაგურკა შეარქვეს. ხატს კი სახელად შალიანი შეერქვა. შალიანის ხატმა ისე გაითქვა სახელი, რომ არა მხოლოდ კალის საზოგადოება, არამედ მთელი სვანეთი მას უდიდეს სიწმიდედ თვლიდა. დამნაშავის აღმოსაჩენად მასზე დააფიცებდნენ ხოლმე და იშვიათად რომ დანაშაულის ჩამდენს არ ეღიარებინა დანაშაული: ვერავინ ბედავდა ტყუილზე დაფიცებას.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები