შალიკაშვილი ჯონ მალხაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ მალხაზ შალიკაშვილი საქართველოში

ჯონ მალხაზ შალიკაშვილი – (დ. 27 ივნისი, 1936 − გ. 23 ივლისი, 2011), აშშ-ის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, ოთხვარსკვლავიანი გენერალი, პოლონეთში ემიგრირებული დამოუკიდებელი საქართველოს არმის ყოფილი ოფიცრის დიმიტრი შალიკაშვილის ვაჟი.

ბაკალავრი ხარისხით დაამთავრა ბრედლის უნივერსიტეტის საინჟინრო-მექანიკური ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობასა მაგისტრის ხარისხით – ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი. 1959-97 სამხედრო სამსახურშია: დაამთავრა აშშ-ის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი, არმიის სამხედრო კოლეჯი და ოფიცერთა საკანდიდატო სკოლა, გაიარა გზა არტილერიის მეორე ლეიტენანტიდან – ოთხვარსკვლავიან გენერლამდე (უმაღლესი სამხედრო წოდება აშშ-ში);

სხვადასხვა დროს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მსახურობდა აშშ-ში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, იტალიაში, ვიეტნამსა და სამხრეთ კორეაში. 1991 წლის აპრილში სათავეში ედგა ოპერაციას „Provide Comfort“ („ნუგეშისცემა“), რომლის წარმატების განხორციელების შედეგად ჩრდილოეთ ერაყში ასიათასობით ლტოლვილი ქურთი დაბრუნდა. 1991 წლის აგვისტოში დაინიშნა აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ. 1992 წლის ივნისიდან ჩრდილოატლანტიკური კავშირის ევროპაში განლაგებული ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი იყო. პარალელურად კი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის კომანდის მეთაურობასაც ითავსებდა. 1993 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის რიგით მეცამეტე თავმჯდომარედ, ამ თანამდებობაზე მუშაობდა ორი ვადით, 1997 წლის ოქტომბრამდე. 1992, 1995 და 1997 ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში. 1997 წლის სექტემბერში, შალიკაშვილი საკუთარი სურვილით ტოვებს სამხედრო სამსახურს და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები