შამანაძე ნოდარ
შამანაძე ნოდარ − (1930 − 2002), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ მერჯევში (საჩხერე). 1948 წელს დაამთავრა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთის სკოლა, შემდეგ, 1953 წელს, − თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1957 წელს – ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი, 1959 წელს სწავლა კვლავ განაგრძო, შემდეგ – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ქართული ფოლკლორის განხრით. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „სიჭაბუკის გზაზე” − 1957 წელს; სხვა წიგნები: „სულმა სულში ჩაიხედა”, „იმედის თეთრო ყვავილო”, „სამახარობლო”, „შორენას სიმღერა”, „შენთან ვიქნები”, „აქედანა და თქვენამდის”, გამოქვეყნებული აქვს, აგრეთვე, არაერთი საბავშვო კრებული.
- * * *
- დედა მიყვარსო, რომ უთხრა ვისმე,
- შემოგხედავს და დაიწყებს სიცილს,
- რადგან ეს არის ცნობილი ისე,
- რომ უთქმელადაც სუყველამ იცის.
- როცა მასთან ვარ, ვგავარ გოლიათს
- დედით ვხარობ და დედით ვმხნევდები, −
- დედასთან თავი ბავშვი მგონია,
- სანამ დედა მყავს, არ დავბერდები.