შარდენი ჟან სიმეონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან სიმეონ შარდენი. აღმზრდელი, 1739; ზეთი, ტილო, 46X37.5 სმ. კანადის ეროვნული გალერეა, ოტავა

ჟან სიმეონ შარდენი – (Jean-Siméon Chardin, 1699-1779), მხატვარი, რომელმაც ჯერ კიდევ 1730-იან წლებში XVII საუკუნის ჰოლანდიური ჟანრული მხატვრობის ტრადიციების მიხედვით, ზნეობრივ-დამრიგებლური ხასიათის ნამუშევრების შექმნა დაიწყო. შარდენი ამ ნამუშევრებში საშუალო კლასის ყოველდღიური ცხოვრებიდან გულმოდგინედ შესრულებულ გულისამაჩუყებელ სცენებს ასახავდა. მაგალითად, სურათში აღმზრდელი წიგნებით ხელში კოხტად ჩაცმული ბიჭია წარმოდგენილი. ბიჭს ძიძა ესაუბრება და თან მის სამკუთხა ქუდს წმენდს. იატაკზე ჩოგანი, ვოლანი (ბადმინტონის ბურთი) და ბანქო ყრია, ის ბავშვური გასართობები, რომლებიც ბიჭმა უკან უნდა მოიტოვოს, რადგან სასწავლებლად და ზრდასრულის პასუხისმგებლობით სავსე ცხოვრებისთვის ემზადება. შარდენი ერთ-ერთი პირველი ფრანგი მხატვარი იყო, რომელიც ქალებისა და ბავშვების ყოფას სიმპატიით გადმოსცემდა, ახალგაზრდა აღმზრდელებისა და მოსამსახურეების სახეებით ქალის ღირსეულ შრომას ასახავდა.

1739 წელს სალონში გამოფენილმა აღმზრდელმა თანამედროვე კრიტიკოსების ქება დაიმსახურა. ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავდა: „აღმზრდელის ლმობიერება, სითბო და თავდაჭერილობა, რომელიც ბიჭს უსუფთაობის, უწესრიგობის და დაუდევრობის გამო ტუქსავს, დარცხვენილი ბიჭის ყურადღება და სინანული, ეს ყოველივე დიდი სისადავით არის გადმოცემული.“ნამუშევარი ავტორიტეტული ადამიანის კეთილგანწყობასა და მის მიმართ მოზარდის ნებაყოფლობით მორჩილებაზე მიგვანიშნებს. ორივე ეს თვისება იმხანად მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული, როგორც პოლიტიკურ, ასევე ოჯახურ ცხოვრებაში.




წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები