შარიათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შარიათი - (არაბ.) ისლამური სამართლის კოდექსი; რჯულის კანონი, რომელსაც „ისლამურ ქვეყნებში“ სახელმწიფო სამართლის სტატუსი აქვს.

შარიათი არაბული სიტყვაა და ნიშნავს: „პირდაპირი, სწორი გზა“. ესაა მუსლიმთა რჯულის კანონი, რომელიც, ძირითადად, ყურანს, სუნას (ჰადისებს) და რელიგიური ავტორიტეტების წერილობით მემკვიდრეობას ეფუძნება. მასში მოცემულია მორწმუნეთა ცხოვრების ნორმები და იურიდიული კოდექსი. შარიათის პრინციპებსა და დებულებებს აყალიბებს ფიკჰი („ცოდნა“, „გაგება“), ანუ მეცნიერება სამართლის შესახებ და მუსლიმური სამართალი. მის თანამშრომლებსა და წარმომადგენლებს ფაკიჰი ეწოდებათ. ფაკიჰის პრეროგატივაა გაარკვიოს, რა არის ღვთისთვის მოსაწონი და რა არა.

შარიათი არეგულირებს ადამიანის ურთიერთობას ალლაჰთან, მორწმუნის პირადი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველა მხარეს, მოიცავს ღვთისთვის მოსაწონი და ღვთისთვის არმოსაწონი ქცევების კომპლექსს, რჯულისმიერი ცხოვრების ნორმებსა და წესებს სასჯელს ამ ნორმების დარღვევისათვის (თაზირი). გადაწყვეტილება ამა თუ იმ საღვთისმეტყველოსამართლებრივ საკითხზე, რომელსაც ფაკიჰი გამოიტანს და რომლის შესრულება სავალდებულოა, ცნობილია სახელწოდებით „ფათვა“. შიიტებს შორის არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმად ფათვა ერთობ აღმატებული ავტორიტეტის მქონე სასულიერო პირმა დამოუკიდებლადაც შეიძლება გამოიტანოს. ასეთ პიროვნებას აიათოლა („ალლაჰის ნიშანი, სასწაული“) ეწოდება.

ფაკიჰს ხშირად მუფთისაც უწოდებენ. პირველი უფრო მეტად კანონმდებელს ნიშნავს, მეორე კი - პრაქტიკოს მოსამართლეს. პირველად მუფთები ხალიფა ომარ II-მ (717-720) დანიშნა. ეს სახელი ყველა მოსლიმური ქვეყნის მოსამართლეზე გავრცელდა, მაგრამ თურქულ-სპარსულ გარემოში მის პარალელურად დამკვიდრდა ფორმა ყადი (თურქ. - ყაზი, სპარს. - კადი). შარიათი რელიგიურ, სამოქალაქო და სისხლის სამართალს აერთიანებს. ამიტომ ძველად (და დღესაც, სადაც შარიათს სახელმწიფო სტატუსი აქვს, მაგ. ირანი) მუსლიმ მოსამართლეებს ნოტარიუსის ფუნქციაც ჰქონდათ.


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები