შატბერაშვილი გიორგი
შატბერაშვილი გიორგი − (1910 − 1965), ქართველი პოეტი და დრამატურგი. დაიბადა თბილისში. 1928 წელს ჩააბარა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ ისტორიამ უფრო გაიტაცა და უნივერსიტეტი 1932 წელს ისტორიკოსის დიპლომით დაამთავრა. ლექსებს სკოლის ასაკიდან წერდა. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1925 წელს გაზეთ „მოწაფის ხმაში”. მისი ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1932 წელს. 1933 წელს, პოეტმა, დაწერა ლექსი „წერილი ახალგაზრდობას”, რაც გახდა ავტორის დაპატიმრებისა და შუა აზიაში გადასახლების მიზეზი. გაათავისუფლეს 1936 წლის მაისში. ჩამორთმეული ჰქონდა თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება. სასჯელის მოხდის შემდეგ, 1944 წელს, მისცეს უფლება თბილისში დაბრუნებისა. 1970-1975 წლებში გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ” გამოსცა მისი თხზულებათა ოთხტომეული. წლების მანძილზე მუშაობდა ქართული ჟურნალ-გაზეთების („დროშა”, „ცისკარი” ) რედაქციებში. გარდაცვალებამდე ჟურნალ „მნათობის” რედაქციაში პროზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- მცხეთის გზაზე
- ისევ მაისი, მცხეთის გზა...
- გვისწრებენ მატარებლები.
- გზის პირას ინაბებიან
- ყვავილები და პეპლები.
- ნეტავ მათ რაღა აშინებთ,
- მათ ერთმანეთის საფერთა,
- ნეტავ ვაგონის ფანჯრიდან
- თვალი ვინ შემოგვაფეთა?
- არა, წავიდეთ, დავეხსნათ
- მაგ პეპელას და ყვავილსა,
- ეტყობა, მათაც რიდი აქვთ
- ცნობისმოყვარე თვალისა.
- განა მაგათ კი არ უნდათ,
- მინდვრის ყვავილის სადარო,
- ბედნიერების ერთი დღე
- თვალმოუკრავად ატარონ?!