შაჰნაზარი გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი შაჰნაზარი

შაჰნაზარი გივი − (1933) პოეტი და მთარგმნელი დაიბადა 1933 წელს, თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არმენოლოგიის განყოფილება. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” მთარგმნელობით განყოფილებას, დაარსების დღიდანვე იყო მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის თანამშრომელი. პირველი თარგმანები ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, 1952 წელს, გამოაქვეყნა; მას თარგმნილი აქვს სომხური ლიტერატურის ისეთი კლასიკოსების შემოქმედება, როგორებიც არიან: გრიგორი ნარეკაცი, ნაჰაპეტ ქუჩაკი, საიათნოვა, ავეტიქ ისააკიანი, ვაჰან ტერიანი, პარუირ სევაკი და სხვა.

ნაჰაპეტ ქუჩაკი, აირენები
თარგმნა გივი შაჰნაზარმა
ო, მზეო, თხემით ტერფამდი
ცეცხლი ხარ, სულის შემძვრელი,
სხვას როგორ მიგცა − დედაშენს
წინ წყალი, უკან მეწყერი.
სამართლისა რომ მჯეროდეს,
სომხებისა და ბერძნების,
სამართლის კარად მისული,
სხვისგან შენს დახსნას შევძლებდი.
* * *
ფერი მძევს, საკმევლისა ვთქვა,
ზაფრანაა თუ ფითრია?! −
არ ვიცი, − შენგნით? თუ უკვე
სიცოცხლის წამებს მითვლიან.
მკურნალად შენ გთქვეს, მიშველე! −
რო ვკვდები, ხო შეგიტყვია, −
თორემ მე სული გამძვრება,
კაცისმკვლელს შენზე იტყვიან.
* * *
ლამაზო, ლურჯ ფერს ნუ იცვამ,
ჩემ მკვლელად, ჩემ დამდაგედო,
ჩემ კარზე რხევით ნუ დახვალ,
ჩემო დამწველო აბედო.
ხიდის ოსტატის შვილი ხარ,
რა იქნებოდა, საბედოდ
შენსა და ჩემ ტუჩებს შორის
ჩვენც ცისარტყელა გაგვედო.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები