შემოდგომის დეკანკა (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შემოდგომის დეკანკა

შემოდგომის დეკანკა - (Doyenné blanc; Weisse Herbstbutterbirne; White Doyenné).მსხლის ჯიში შემოდგომის დეკანკა საქართველოში შემოტანილია ევროპიდან, მაგრამ რატომღაც, საქართველოს მეხილეობის რაიონებში, იგი სათანადოდ ვერ გავრცელდა და ჩვენი მეხილეობის სინამდვილეში ბაღის მოყვარულთა ასორტიმენტის ჯიშად დარჩა.

შემოდგომის დეკანკას საქართველოს ბაზარზე და მოსახლეობაში ხშირად „შემოდგომის დუშესს“ უწოდებენ.

ეს ძვირფასი სუფრის ჯიში, ერთ-ერთი ძველთაგანი ჯიშია, რომელიც იტალიურ წარმოშობის ჯიშად ითვლება და ევროპაში, კულტურულ მსხლების ჯიშებს შორის, მსხლის ყველაზე უძველესი ჯიშია.

ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, მსხლის ეს ჯიში ცნობილი უნდა ყოფილიყო პლინიუსის მიერ (ჩვ. წელთ-აღრიცხვის პირველ საუკუნეში) „სემენტინუმის“ სახელწოდებით.

შემოდგომის დეკანკას, პომოლოგმა გალეზიემ „მსხლების დედოფალი“ უწოდა.

შემოდგომის დეკანკის ხე არ იზრდება ძლიერად. თუმცა ახალგაზრდა ხე იჩენს საკმაოდ ძლიერ ზრდას, მაგრამ საბოლოოდ იგი ინვითარებს მაღალ, განიერ-პირამიდულ ვარჯს. დატოტვა თხელი იცის, ტოტები ოდნავ დაღუნული აქვს.

ერთწლიანი ნაზარდი მორუხო-მოყავისფროა. ხე ადრე იწყებს მსხმოიარობას. ისხამს შედარებით რეგულარულად და უხვად.

შემოდგომის დეკანკის უარყოფითი მხარეა ის, რომ დიდი მომთხოვნია გარემო პირობების მიმართ და ძლიერ ნაზია.

კარგი ხარისხის ნაყოფს იძლევა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ოპტიმალურ გარემო პირობებშია წარმოებული

შემოდგომის დეკანკა კარგად ემყნება კომშზე, ადრე შედის მოსავლიანობაში, ყვავილობს ადრე, ყვავილი თვითსტერილი აქვს, ნაყოფი ადვილად არ სცვივა. ადვილად ავადდება ქეცით.

ნაყოფი მწიფდება სექტემბერში; იგი უნდა მოიკრიფოს მოხმარების სიმწიფემდე რამდენიმე დღით ადრე, რათა არ გადამწიფდეს ხეზე და არ დაქაშდეს, რაც ნაყოფის ხარისხს სრულიად სცემს. დროზე მოკრეფილი ნაყოფი 10–15 დღე ინახება გემოს შენარჩუნებით.

ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, 60–70 მმ, მოგრძო ფორმის, თავსა და ბოლოში შევიწროებული, ნაყოფი ვითარდება წყვილად, ზოგჯერ თითო-თითო, ერთი კვირტიდან.

ნაყოფს ახასიათებს მტკიცედ მიბმა ყუნწით სანაყოფე ტოტზე, ისე რომ ადვილად არ ცვივა. მწიფე ნაყოფი მეტად სურნელოვანი და მიმზიდველი გარეგნობისაა. ნაყოფის ყუნწი მოკლეა და სქელი.

ნაყოფის კანი ნაზია, პირველად ღია-მწვანე ფერის, მხოლოდ სრულ სიმწიფეში ნაყოფი ღებულობს მიმზიდავ ოქროსფერ-ყვითელ შეფერვას და მხოლოდ მზის მხარეზე უჩნდება მოწითალო ლოყა. არახელსაყრელ საარსებო პირობებში ნაყოფის კანი იფარება მუქი ხალებით.

ნაყოფის ხორცი მოთეთროა, ნაზი, მდნარი, ძლიერ წვნიანი, შეხამებულად ტკბილი, ოდნავ მუსკატისებრი და ნაზი გემოთი, სასიამოვნო ბუკეტით.

საქართველოს მეხილეობის რაიონებში შემოდგომის დეკანკის ნაკლებად გავრცელების მიზეზად უნდა ჩაითვალოს ერთი მხრივ ის, რომ მის დიდ კონკურენტად გახდა მსხლის ჯიში „ბერე ბოსკი“, რომელმაც თითქმის გამოდევნა შემოდგომის მსხლის ასორტიმენტიდან მრავალი ძვირფასი მსხლის ნაზი ჯიშები, და მათ შორის შემოდგომის დეკანკაც, თავისი ადვილი შეგუების გამო გარემოპირობებთან და მაღალი ხარისხის, სასუფრე და საკონსერვო პროდუქციის მოცემის გამო. მეორე მიზეზად კი უნდა ჩაითვალოს მისი სინაზე, სოკოვან ავადმყოფობებით ძლიერი დაავადება და, რაც მთავარია, მისი ნაყოფის ხარისხის დიდი ცვალებადობა, რაც დამოკიდებულია მის საარსებო პირობებსა, მოკრეფის ვადებსა და შენახვის პირობებზე.

შემოდგომის დეკანკა უსათუოდ უნდა შევიდეს ბაღის მოყვარულთა ასორტიმენტში და ხელსაყრელ საარსებო პირობებში (მყუდრო, უქარო ადგილებში, ნოყიერ, ღრმა, საშუალოდ ფხვიერ ნიადაგებზე) შეიძლება მისი ფართოდ, სამრეწველო მნიშვნელობითაც გაშენება.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები