შენბრუნის სამოკავშირეო ხელშეკრულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შენბრუნის სამოკავშირეო ხელშეკრულება – დაიდო საფრანგეთსა და პრუსიას შორის 1805 წ. 15. XII შენბრუნის ციხესიმაგრეში, ვენაში. საფრანგეთის მხრიდან ხელი მოაწერა გენერალმა დიუროკმა, პრუსიის მხრიდან – ჰაუგვიცმა.

1805 წ. 3.XI ფრიდრიხ-ვილჰელმისა და ალექსანდრე I-ის მიერ დადებული პოტსდამის სამოკავშირეო კონვენციის მიხედვით, პრუსია რუსეთსა და ავსტრიას და, მეორე მხრივ, საფრანგეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს კისრულობდა და ვალდებულებას იღებდა, გადაეცა ნაპოლეონ I-თვის მოკავშირეთა მიერ შემუშავებული ზავის პირობები. ამ მიზნით ნაპოლეონის მიერ პრუსიის მეფის შუამდგომლობაზე უარის თქმის შემთხვევაში, პრუსია უნდა შესულიყო ანტიფრანგელ კოალიციაში. შეიტყო თუ არა აუსტერლიცთან ფრანგების გამარჯვების (2. XII) შესახებ, ჰაუგეიცმა გადაწყვიტა, შეეცვალა ტაქტიკა – ულტიმატუმის წაყენების ნაცვლად ნაპოლეონს გამარჯვება მიულოცა და საფრანგეთთან პრუსიისთვის სამარცხვინო სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შენბრუნის სამოკავშირეო ხელშეკრულების მიხედვით, პრესია უარს ამბობდა თავისი ტერიტორიის ნაწილზე – ნევშატელის სამთავროზე შვეიცარიაში, ანსაბახსა და ბაიროითზე ბავარიაში, ბერგსა, ვეზელსა და კლევეზე რაინზე. სანაცვლოდ, ნაპოლეონმა პრუსიას დაუთმო ინგლისისთვის წართმეული ჰანოვერი, რითაც ამ ორ სახელმწიფოს შორის წინააღმდეგობის გაღვივებას ცდილობდა. შენბრუნის სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებამ შეასუსტა პრუსიის პოზიციები და შემდგომში ნაპოლეონს მისი დამარცხება გაუადვილა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები