შენგელია ალეკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შენგელია ალეკო − (1914 − 1975), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ხაბუმეში (ჩხოროწყუ). სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1930-1933 წლებში. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1938 წელს ჟურნალში „ჩვენი თაობა”, ხოლო პირველი წიგნი − 1940 წელს. იგი, აგრეთვე, ავტორია ისტორიულ-რევოლუციური პიესისა „ციმბირის პაპა”, რომელიც 1966 წელს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაიდგა. იყო გამომცემლობა „ნაკადულის” მთავარი რედაქტორი, ლიტფონდის დირექტორი. გამოცემული აქვს კრებულები: „წერილი მამას” (1945), „ანბანთ სიმღერა” (1948), „კალმახის გადარჩენა” (1958). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
- გიყვარდეს წიგნი
- გიყვარდეს წიგნი − ძვირფასი განძი,
- ცოდნის სარკე და ბუნების კარი,
- მთელ ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ
- და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი!
- გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა
- ჯარისკაცები − ანბანთ კრებული,
- ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს,
- ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული!
- გსურს ასახელო მშობელი მხარე,
- მას ემსახურო საქმით და ფიქრით?
- მისთვის წიგნი აგიხელს თვალებს,
- ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი!
- გიყვარდეს წიგნი! − გონების თვალით
- რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას!
- გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი
- ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება!