შერვაშიძე ამირან
ამირან შერვაშიძე – საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მწერალი და დრამატურგი, დაიბადა ქალაქ ბათუმში.
აქვე მიიღო საშუალო განათლება და სწავლის გასაგრძელებლად უკრაინის დედაქალაქ კიევში გაემგზავრა. 1935 წელს წარმატებით დაამთავრა კიევის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენო განყოფილება.
1953 წელს მიიღეს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად.
სამწერლო მოღვაწეობა მოთხრობების, ნოველების და რომანების წერით დაიწყო. გამოქვეყნებული აქვს კრებულები: „ბაგრატიონი“, „ყიზლარიდან ბოროდინომდე", „ერთგულება“, „პრომეთეოსის ქალიშვილი“, „პროვინციელები“ და სხვ. თუმცა ჭეშმარიტი აღიარება მწერალს დრამატულმა ნაწარმოებებმა მოუტანა.
თავისი მოღვაწეობის პერიოდში ამირან შერვაშიძემ ცხრა პიესა დაწერა. მათგან შვიდი ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა: „კრავჩუკის ცრემლები“ (1940), „გენერალი ბაგრატიონი“ (1942-1952), „ოქროს სამაჯურები“ (1954) „პროვინციელები“ (1956), „მზე“ (1941-1961), „სიმღერა შევარდენზე“ (1960-1975), „მღერის ჰავანა“ (1964) და სხვ.
ამირან შერვაშიძის პიესები თარგმნილია მრავალ ენაზე და წარმატებით იდგმებოდა საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქალაქში.
ამირან შერვაშიძე მუშაობდა თბილისის „სახკინმრეწვის“ სასცენარო განყოფილებაში, აჭარის რევოლუციის მუზეუმში; იყო აჭარის განათლების კომისარიატის სალექციო ბიუროს უფროსი, საზოგადოება „ცოდნის“ აჭარის განყოფილების ლექტორი. მისი ინიციატივით და ძალისხმევით შეიქმნა ბათუმის ზღვისპირა პარკში გამოჩენილ მწერალთა ბიუსტების ხეივანი.
მინიჭებული ჰქონდა ასევე, აჭარის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
დაკრძალულია ქალაქ ბათუმში. მწერლის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი.
მწერლის სახლზე (მ. აბაშიძის გამზირი №53) გაკრულია მემორიალური დაფა წარწერით: „ამ სახლში ცხოვრობდა მწერალი ამირან შერვაშიძე“.