შიოლაშვილი ირმა
შიოლაშვილი ირმა − (1974), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა დედოფლისწყაროს რაიონში. სწავლობდა თსუ-ს ტელერადიო ჟურნალისტიკას და ბონის უნივერსიტეტში კომარატივისტიკას (შედარებით ლიტერატურათმცოდნეობას). 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა“. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1992 წელს პოეტური კრებულით „არარსებული სიტყვა“ (გამომცემლობა მერანი), მეორე წიგნი − „მოლურჯო თაღი“ − 1996 წელს გამოსცა გამომცემლობა „მეცნიერებამ” (ქართულ-რუსული გამოცემა). 2003 წელს გამომცემლობა „მერანმა” გამოსცა ირმა შიოლაშვილის მესამე წიგნი − „ცრემლის ნაფეხური“. 2009 წელს გამოვიდა მისი მეოთხე პოეტური კრებული − „ფოთლების ხიდი“ (გამომცემლობა საარი), ხოლო 2013 წელს გამომცემლობა „საუნჯემ” გამოსცა პოეტის მეხუთე კრებული − „ორშაბათი“. 2008 წლიდან არის ევროპელ ავტორთა გაერთიანება „Die Kogges“ წევრი. 2011 წელს გერმანულმა გამომცემლობა „Pop-Verlag“-მა გამოსცა მისი წიგნი „ფოთლების ხიდი („Eine Brücke aus bunten Blättern“). 2018 წელს გამოვიდა მისი მეორე გერმანულენოვანი კრებული „თავდაყირა“ („Kopfüber“). ამჟამად გერმანიის ქალაქ ბონში ცხოვრობს.
- ღია გაკვეთილები
- არადა ცეცხლის სუნი ჰქონდა მაშინ ყველაფერს,
- თვალებსაც, ხელზე ნაოჭებსაც, გზებსაც, ჩრდილებსაც,
- თუმცა ვამჩნევდი, მომავლიდან როგორ მზვერავდნენ
- ცხოვრების გრძელი, ხშირად ღია გაკვეთილები,
- მომწონდა ცეცხლი, და ამიტომ ხელის კანკალით
- ვიწვავდი ხელებს და ნაოჭებს ხელისგულებზე
- სულს ვუბერავდი და ვეძებდი ჩვენს ღრმა ნაკვალევს
- თითებზე, გულზე, ნაოჭებზე, თვალის გუგებში.
- აცრილი იყო მომავალი ცეცხლის ალებით,
- მზეს ვინახავდი პერანგებზე, გულის ღილებზე
- და არ ვამხელდი, რომ ფეხები მიკანკალებდა
- ცხოვრების ღია, დაუნდობელ გაკვეთილებზე.