შიო (მითოლოგიური პერსონაჟი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
შიო – ერთი კაცი აძოვებდა ცხვრებს. დამდგარა წაღმა და იწერს პირჯვარს, ეხვეწება ღმერთს: ღმერთო, შეგცოდე და შეგინდობო.
ყოფილა წმიდა შიო – განთქმული ბერი. წყალგაღმა ვენახი ჰქონია. ისეთი წმიდა კაცი ყოფილა ბერი შიო, წყალში ფეხის დაუსველებლად გადიოდა. ერთ დღეს შიო მიდიოდა თავის ვენახში სამუშაოდ და დაუნახავს ეს მეცხვარე, რომ ლოცულობს. დაუგდო ყური და უთხრა: ასე არ უნდა ილოცო: შეგინდობ კი არა – ღმერთო, შეგცოდე და შემინდეო. ეს უთხრა ბერმა და წავიდა თავისთვის. მეცხვარემ ვეღარ მოიგონა მისი ნათქვამი და გაეკიდა, მასწავლეო. მეცხვარეც ისე დაუსველებლად მიდიოდა იმ წყალში, როგორც ბერი. რომ დაეწია, უთხრა: დამავიწყდა და მასწავლეო. მღვდელმა უპასუხა: წადი, ძალიან კარგადაც გლოცნია და ისევე ისე ილოცეო.