შმაგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შმაგა

შმაგა – (Atropa caucasica Kreyer = Atropa belladonna subsp. Caucasica [Kreyer] Avet.);
ოჯახი: ძაღლყურძენასებრნი (Solanaceae).

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა სქელია და დატოტვილი. ღერო სწორად მდგომი, შიშველი, სიმაღლე – 1-3 მ. ფოთლები კვერცხისებურია, კიდემთლიანი, ყუნწში შევიწროებული. ყვავილები იღლიურია, მარტოული ან ორ-ორი. გვირგვინი იისფერ-მურაა, მღვრიე ყვითელი ფერის მილით. ყვ. ნაყ. V-X. დამახასიათებელია მთის შუა სარტყლის ტყეებისათვის. იზრდება დაჩრდილულ ტყეებში, ნაკადულების პირებზე, ხშირ ბუჩქნარებში. ნახვა შესაძლებელია სოფელ შალაურისა და თელავის მიდამოებში, ჭიაურის ტყეში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

იზრდება ტყეებში, ტყის პირებზე, დაჩრდილულ ადგილებში, მთის შუა სარტყლამდე.

აღნიშნული სახეობა, ქიმიური შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით იდენტურია მსოფლიოში გავრცელებულ „Atropa belladonna"-სთან, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ფარმაკოპეებშია შეტანილი. ვინაიდან მისი ბუნებრივი მარაგი შეზღუდულია, კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში (ევროპა, აზია, ამერიკა).

სამკურნალოდ გამოიყენება ფესვები და ფოთლები. მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია, შეიცავს ატროპინის ჯგუფის ალკალოიდებს – ატროპინს, ჰიოსციამინს, ჰიოსცინს (სკოპოლამინს), აპოატროპინს (ატროპამინს), ბელადონინს; ფესვებში ნაპოვნია კუსკგიგრინი; ფოთლებსა და ფესვებში – სკოპოლეტინი. ალკალოიდების მაქსიმალური შემცველობა დაფიქსირებულია ფოთლებში კოკრიანობისა და ყვავილობის პერიოდებში, მთლიანად მცენარეში – თესლების წარმოქმნის საწყის ფაზაში, ფესვებში – სავეგეტაციო პერიოდის დასასრულს. ალკალოიდების გარდა მიწისზედა ნაწილში აღინიშნება ფლავონოიდები, ოქსიკუმარინები.

შმაგას ალკალოიდები ხასიათდება გამაუმტკივნებელი, სპაზმოლიტური მოქმედებით, აძლიერებს და აუმჯობესებს გულის მოქმედებას, აგრეთვე შესწევს უნარი დაარეგულიროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლისა და შარდის ბუშტის სადინარების ტონუსი, გააფართოვოს ბრონქები და თვალის გუგა, აამაღლოს თვალის შიდა წნევა.

მცენარე უძველესი დროიდანაა ცნობილი. მის სამკურნალო და შხამიან თვისებებზე მიუთითებდა თეოფრასტე (ჩვ. წ.-აღ.-მდე 372-287 წლები) და დიოსკორიდი (I საუკუნე ახ. წ.აღ.), მას „Strychnos manicos“ უწოდებდა, რაც „შეშლილ მცენარეს“ ნიშნავს. აღმოსავლეთ ქვეყნების მედიცინაში იყენებდნენ როგორც ნარკოტიკულ საშუალებას, ინდური კანაფის, ხაშხაშისა და კონიოს მსგავსად, ჯერ კიდევ 2500 წლის წინათ. ერთ-ერთ სამეცნიერო ტრაქტატში, რომელიც თარიღდება 1504 წლით, შმაგას უწოდებდნენ „Solanum mortale“¬ს, რაც „სასიკვდილო ძაღლყურძენას“ ნიშნავს. მეცნიერული მედიცინის მიერ აღიარებული და შეტანილ იქნა პირველ რუსულ ფარმაკოპეაში 1866 წ.

შმაგას პრეპარატები გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, ნაღველ და თირკმელკენჭოვანი დაავადებების, მაღალი მჟავიანობის გასტრიტის, კუჭის წყლულის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმური მდგომარეობის, ვეგეტატური დისტონიისა და ვაზონევროზის, პარკინსონის სამკურნალოდ. შედის ასთმის საწინააღმდეგო ნაკრებების, პრეპარატების – ბალატამინალის, ბელოიდის, აკლიმანის შემადგენლობაში. ფართოდაა ცნობილი, სამედიცინო მრეწველობის მიერ გამოშვებული ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ატროპინის სულფატი, ბეკარბონი, ბელალგინი, სოლუტანი, რომლებიც შეიცავს შმაგას ექსტრაქტს და სანთლები – ბეტიოლი, ანუზოლი. მაღალი შხამიანობიდან გამომდინარე, ხალხურ მედიცინაში დიდი სიფრთხილით იყენებენ დამბლის (რომელსაც ახლავს მეტყველების უნარის დაკარგვა) სამკურნალოდ, ართრიტების, რადიკულიტის, რევმატიზმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას; საფრანგეთში მას ხმარობენ შაკიკის, ნევროზების, სახის ნერვის ნევრალგიის, მტკივნეული ჭვლების, ეპილეპსიის, ყაბზობის, ისტერიის, ქორეის, გაშეშების, კუჭის ტკივილების, ნაწლავების, ღვიძლისა და თირკმელების ჭვლების, ენურეზის სამკურნალოდ. ფესვების ექსტრაქტს როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ნიკრისის ქარების, რევმატიზმის, ნევრალგიების შემთხვევაში, ხოლო ნაყოფების ნაყენს – დიზენტერიის დროს.

მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა, ექიმის მიერ მითითებული დოზის მინიმალური გადაჭარბება იწვევს მოწამლვას.

განსაკუთრებით ხშირი მოწამლვა აღინიშნება ბავშვებში შმაგას ნაყოფებით, რომლებიც ძალიან მიმზიდველია, მწიფე ალუბლის ნაყოფების მსგავსია და სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა. დიდი დოზის მიღებისას აღინიშნება კანის ჰიპერემია, ნერვული აღგზნება, ბოდვა, ჰალუცინაციები, ორიენტაციის სრული დაკარგვა, ცენტრალური ნერვული სისტემის დამბლა, კომაში ჩავარდნა (ბიძინაშვილი, 2020).

სამეგრელოში ნედლი ფესვების წყლის ნაყენი ადგილობრივი ექიმების მიერ გამოიყენებოდა სულიერი დაავადებების სამკურნალოდ, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო მისი ძლიერ შხამიანი თვისებები {Шабловский, 1886).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები