შოთხვი
შოთხვი – (Padus avium Mill. = Prunus padus L.);
ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae).
10 მ-მდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. წლიური ტოტები მოშავოა ან მუქი წითელი. ფოთლები თხელია და კვერცხისებურად ლანცეტა, 2-10 სმ სიგრძის. კიდეებზე წვრილხერხკბილიანი. ყვავილედი მტევანია, გვირგვინი – თეთრი. ყვ. V-VI; ნაყ. VIII-|X. მაღალმთის მცენარეს, იზრდება მდინარის ნაპირებზე და ტყის პირას. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე: სოფლების – ზემო ომალოსა და ხისოს – მიდამოებში.
სამკურნალოდ იყენებენ ქერქს, ყვავილებსა და ნაყოფებს. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, თავისუფალი სენილის მჟავას (ქერქსა და ფოთლებში); ნაყოფები – ორგანულ მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), ასკორბინის მჟავას, რუტინს, ანთოციანებს, ფლავონოიდებს, შაქრებს, ეთერზეთებს. კურკაში აღმოჩენილია ცხიმზეთები და გლიკოზიდები (ამიგდალინი, პრულაურაზინი, პრუნაზინი). მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ბენზოინის ალდეჰიდს, რითიც განპირობებულია მისი ფიტონციდური მოქმედება.
შოთხვის პრეპარატები იწვევს ნაწლავების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს კუჭის კედლების მდგომარეობას, ამაგრებს კაპილარების კედლებს, წმინდავს სისხლს, არის შარდმდენი, საერთოგამაძლიერებელი, ოფლმდენი, ხსნის ანთებით პროცესებს, როგორც შინაგანს, ისე გარეგანს, ხელს უწყობს სახსრების გაჯანმრთელებას და ორგანიზმიდან მძიმე მეტალების მარილების გამოდევნას.
ნაყოფები ხასიათდება შემკვრელი მოქმედებით, ნახარშის ან ნაყენის სახით რეკომენდებულია არაინფექციური ბუნების ფაღარათის და კუჭ-ნაწლავის სხვა აშლილობისას. ნაყოფი შედის კუჭის ჩაის ნაკრების შემადგენლობაში. ნედლი ყვავილებიდან ამზადებენ შოთხვის წყალს, იხმარება თვალების სამკურნალოდ, საფენების სახით, ხოლო ნაყენს ან ნახარშს – ჩასახვის საწინააღმდეგოდ.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფილტვების ტუბერკულოზის, ბრონქიტის, ფაღარათის სამკურნალოდ; გარეგანად – პირის ღრუს გამოსარეცხად ჩამპალი კბილების, ფურუნკულებისას; ქერქის ნახარში – როგორც შარდმდენი და ოფლმდენი, ინსექტიციდური (ტილების, ბუზების საწინააღმდეგო) საშუალება, იხმარება თვალების დაავადებებისა და რადიკულიტის განსაკურნავად. ნაყოფის წვენს იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების შესახორცებლად.
მცენარე გამოირჩევა ფიტონციდური მოქმედებით, აჯანსაღებს გარემოს, პირველსავე წუთებში კლავს სხვადასხვა სახის მწერებს. ნაყოფები უკუმაჩვენებელია ფეხმძიმობისას, შეიცავს სინილურ მჟავას, რომელიც ადამიანისათვის ტოქსიკურია, მართალია მოზრდილთათვის ამ მჟავის კონცენტრაცია უსაფრთხოა, ნაყოფის განვითარებისას შეიძლება გამოიწვიოს მავნე მოქმედება (ბიძინაშვილი, 2020).