შონბერგის საფორტეპიანო სიუიტა op. 25

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფორტეპიანო სიუიტა op. 25 – შონბერგის მთლიანად დოდეკაფონიის პრინციპებზე დამყარებული პირველი ნაწარმოებია საფორტეპიანო სიუიტა op. 25 (1921-23 წ). სიუიტის ყველა ნაწილი (პრელუდია, გავოტი და მიუზეტი, ინტერმეცო, მენუეტი ტრიოთი და ჟიგა) ერთ სერიას და მის ტრიტონულ ტრანსპოზიციაზეა აგებული. ამ ნაწარმოებში შონბერგმა პირველად განახორციელა ახალი მუსიკალური ენის და ტრადიციული ფორმების და ჟანრის შერწყმის პრინციპი. სიუიტა ბაროკოს ეპოქის ჟანრულ მოდელზეა დაფუძნებული და, უფრო კონკრეტულად, ი. ს. ბახის g-moll ინგლისურ სიუიტას მოგვაგონებს (იწყება პრელუდიით, ბოლოვდება ჟიგით და, რაც განსაკუთრებითაა აღსანიშნავი, მისი მიუზეტი გავოტის ტრიოს წარმოადგენს). ბაროკოს ეპოქის ტრადიციების გარდა, აქ ვლინდება სიახლოვე კლასიციზმთანაც. მთელი ციკლი, მუსიკალური მასალის ჩვენების და განვითარების თავისებურებიდან გამომდინარე შეიძლება შევადაროთ სონატურ ფორმას, სადაც ჩქარი პრელუდია იქნება მთავარი პარტია, ნელი გავოტი (და მიუზეტი, როგორც მისი ტრიო) – დამხმარე, ინტერმეცო, რომელიც წინა და მომდევნო ნაწილების ინტონაციებს შეიცავს – დამუშავება, ხოლო მენუეტი და ჟიგა – სარკისებური რეპრიზა. ამგვარად, საფორტეპიანო სიუიტაში და, ასევე, შემდგომი პერიოდის სხვა ინსტრუმენტულ ნაწარმოებებში (მაგალითად: სიმებიან კვარტეტებში № 3 და № 4) შონბერგი ტრადიციული ფორმების და ტონალური ურთიერთობების იმიტაციას ახდენს, ანუ ახალი, ატონალური, დოდეკაფონური სისტემის მეშვეობით, ახორციელებს ტრადიციული ფორმების რესტავრირებას.


წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები