შპიცბერგენის სტატუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შპიცბერგენის სტატუსი – შპიცბერგენის არქიპელაგი მდებარეობს ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში და შედგება კუნძულებისაგან – დასავლეთი შპიცბერგენი, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა, ეჯი, ბარენცის კუნძული, პრინც კარლის მიწა, თეთრი კუნძული და ა.შ. არქიპელაგის საერთო ფართობია 62 ათასი კვ. კმ.

1920-მდე შპიცბერგენი არც ერთი სახელმწიფოს არ ეკუთვნოდა, რაც განმტკიცებული იყო 1872 ნოტების გაცვლით, რუსეთისა და შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებულ სამეფოებს შორის. 1910 და 1912 ქრისტიანიაში (თანამედრ. ოსლო) შედგა რუსეთის, შვედეთისა და ნორვეგიის წარმომადგენელთა შეხვედრა შპიცბერგენის სტატუსის შესამუშავებლად, რომელზეც შეთანხმდნენ, რომ შპიცბერგენი „არავის საკუთრება“ იქნებოდა, რომ არ შეიძლებოდა მისი ანექსირება ანდა რომელიმე სახელმწიფოს მიერ მასზე თავისი სუვერენიტეტის გავრცელება, ხოლო ომის შემთხვევაში იგი განიხილებოდა როგორც ნეიტრალიზებული ტერიტორია. 1914 ქრისტიანიაში მოწვეულ იქნა ახალი კონფერენცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით იგი დაიშალა ისე, რომ რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია.

1920 პარიზის კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთი, აშშნ საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდი, დანია, ნორვეგია და შვედეთი, შეიმუშავეს და 9.II ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას შპიცბერგენის შესახებ 1920. საბჭოთა რუსეთის მთავრობა არ იყო ამ კონფერენციაზე მიწვეული.

1986 წლის იანვრისთვის პარიზის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა დაახლოებით 40-მა სახელმწიფომ, მათ შორის სსრკ-მა.

პარიზის ხელშეკრულების მიხედვით, შპიცბერგენის არქიპელაგზე ნორვეგიას გააჩნია სრული სუვერენიტეტი. ნორვეგიამ თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ არქიპელაგზე არ შეექმნა და არ დაეშვა სამხედრო ბაზების არსებობა, არ აეშენებინა გამაგრებული ზღუდეები და არ გამოეყენებინა ისინი სამხედრო მიზნით.

ხელშეკრულების მიხედვით, მისი ხელმომწერი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ეძლეოდა თანაბარი უფლებები შპიცბერგენის ტერიტორიულ წყლებში ან ტერიტორიაზე შესვლისა, და იქ, ადგილობრივი პირობების დაცვით, ნებისმიერი სამრეწველო თუ სავაჭრო საქმიანობისა, პარიზის ხელშეკრულების თანახმად შემუშავდა შპიცბერგენის სამთო წესდება (ძალაში შევიდა 14.VIII, 1925), რომელიც აწესრიგებდა სამთო-მოპოვებით საქმიანობას არქიპელაგზე.

შპიცბერგენზე იმყოფებოდა დაახლოებით 15 ათასი ნორვეგიელი და დაახლოებით 2 ათასი რუსეთის მოქალაქე (ცხოვრობდნენ დასახლება ბარენცბურგსა და პირამიდაში), რომლებიც მუშაობდნენ ქვანახშირის მაღაროებში ან ეწეოდნენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. აქ იყო შექმნილი საბჭოთა საწარმოო გაერთიანება „არქტიკა ქვანახშირი, რომელიც ამჟამად რუსეთის კუთვნილებაა (როგორც სსრკ სამართალმემკვიდრისა). რუსეთს შპიცბერგენზე გააჩნია საკონსულო.

1974 დაიდო სსრკ-ნორვეგიის შეთანხმება, რომლითაც საბჭოთა სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავებს ეძლეოდათ ნორვეგიის სამოქალაქო აეროპორტის (ლონგიერბიუესში) გამოყენების საშუალება. ხელშეკრულება ამჟამად ძალაშია, ოღონდაც ამჯერად რუსეთ-ნორვეგიას შორის.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები