შუბლის წილის სინდრომი
შუბლის წილის სინდრომი - (F07.0), (frontal lobe syndrome), ქცევის ცვლილებები, განვითარებული თავის ტვინის შუბლის წილის მიდამოს დაზიანების, ან ამ მიდამოსთან დამაკავშირებელ გზებზე ოპერაციული ჩარევის შედეგად ჩვეულებრივ, დაქვეითებულია თვითკონტროლი, პერსპექტივის წინასწარ განჭვრეტის უნარი, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები და სპონტანურობა, რაც, თავის მხრივ, გამოვლინდება გამღიზიანებლობის მომატებით, ეგოისტურობითა და სხვების მიმართ უყურადღებობით. ასევე, დაქვეითებულია კეთილსინდისიერება და კონცენტრაციის უნარი, მაგრამ ინტელექტის ან მეხსიერების ნიშანდობლივი დაქვეითების არსებობა სავალდებულო არ არის.
ზოგად სურათში ხშირია ემოციური სიჩლუნგე, ლტოლვათა დონის დაქვეითება, შენელება. ენერგიულ ან ხასიათში აგრესიულობის ნიშნების მქონე პირებს, დაავადების განვითარების შემდეგ შეიძლება გამოაჩნდეთ იმპულსურობა, მატყუარობა, ფეთქებადობა აგრესიულობით, გაცვეთილი იუმორი და არარეალისტური ამბიციები; ზოგადად ცვლილებათა ხასიათი დამოკიდებულია პრემორბიდულ პიროვნულ თვისებებთან. ამ აშლილობის დროს მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესაძლებელია და იგი რამდენიმე წლის შემდეგ იწყება.