შუბნური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუბნური – შუბნური ჯვარი ხევსურეთში თუშეთიდან არის მოყვანილი. თუშეთიდან წამოსულა თურმე ერთი თათარი, მთაზე ლიქოკელი მწყემსები შეხვედრიან და მოკვლა დაუპირებიათ. შეეხვეწა: ძიმაო, ნუ მომკლავთო. „ძიმაო“ უთქვამს „ძმაოს“ მაგივრად, ქართული კარგად არ სცოდნია. რაკი ძმობა დაასწრო, წამოიყვანეს სოფელ შუბანში (შუა უბანში), ადგილი მისცეს სოფლის მოშორებით და დაბინავდა ის კაცი. ხევსურებმა მოიძულეს ახალმოსული და თავისთან არ უშვებდნენ. მაშინ შუბანი დიდი სოფელი იყო, სამოცამდე კომლი ცხოვრობდა. ეს სოფელი აწუხებდა „ძიმას“, ავიწროებდა, გასაქანს არ აძლევდა. და იყო ასე შეწუხებული. შეუყვარდა ხევსური ქალი, ცოლად მოიყვანა და მასთან ცხრა ვაჟიშვილი შეეძინა. დაერქვათ „ძიმაისძენი“ და იყვნენ ძალიან ამაყი და კარგი ვაჟკაცები.

სანამ შვილები მოეზრდებოდნენ, ძიმა დიდ შევიწროებაში იყო. გადაწყვიტა წასულიყო და თუშეთიდან მოეყვანა ჯვარი კოპალას მოძმედ. მართლაც წავიდა, იქიდან ვერცხლის თასი წამოიღო და ჩუმად იმათ კერიაში ჩადგა, ვინც ყველაზე მეტად ავიწროებდა. სამნი ძმანი იყვნენ. ამ თასის ჩადგმის შემდეგ მათ კერიაში იფნი ამოვიდა. ძმებმა მოჭრეს და გადააგდეს. მეორე დილას ისევ ამოვიდა იფნი და ისევ მოჭრეს. მესამედ რომ ამოვიდა, გველი ამოჰყვა და ზედ შემოეხვია. ახლა კი მიხვდნენ, აქ რაღაც ამბავიაო და გამობარგდნენ სახლიდან. ერთ ძმას ჩალხი ერქვა. მან სახლს ცეცხლი შეაყარა და დაწვა. თვითონ კი, ცეცხლი რომ მოუკიდა, მაშინვე წავიდა იქიდან. შორიდან გამოხედა: ნეტავ, რა იქნა, ცეცხლი რომ წავუკიდეო. ამის თქმა იყო და ცეცხლის ნაპერწკალი გამოფრინდა და ეცა ცხვირზე ჩალხს. ცხვირი რომ დაეწვა, ხელი მიიკრა და ცხვირი მოსძვრა. და დარჩა ასე ჩალხი უცხვირო.

ამის შემდეგ აიყარა სამოცივე კომლი სოფლიდან და ის ადგილი შუბნურმა ჯვარმა დაიჭირა. ახლაც მის ხელშია. ძიმა კი ჯვარის ხელკაცი გახდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები