შუშანაშვილი გიორგი
გიორგი შუშანაშვილი – (1907-1998), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), დაიბადა სოფელ თიანეთში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. ერთხანს ლექციებს კითხულობდა ამავე უნივერსიტეტში, ხოლო 1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო შემდეგ ამავე ინსტიტუტის დიალექტიკური მატერიალიზმის განყოფილების გამგედ, 1963 წლიდან გარდაცვალებამდე - კვლავ უფროს მეცნიერ თანამშრომლად.
გ. შუშანაშვილის კალამს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი, მათ შორის 6 წიგნი. ამ ნაშრომებში გამოკვლეულია ლოგიკის, შემეცნების თეორიის, ღირებულებისა და მეცნიერების ბუნების პრობლემები. გ. შუშანაშვილი აჩვენებს შემეცნების თეორიის ურთიერთობას ლოგიკასთან, ონტოლოგიასა და დიალექტიკასთან. შემეცნების საგანია არსი, ხოლო ამ არსის ასახვა აზროვნებაში ლოგიკური ბუნებისაა. აზროვნების ლოგიკური პროცესი ამზადებს ინტუიციურ შემეცნებას, თუმცა შემეცნების პროცესში ინტუიციას დომინირებული მნიშვნელობა აქვს. მეცნიერული შემეცნების შედეგს მეცნიერული ცოდნა წარმოადგენს, რომელსაც მეცნიერული თეორია „სისტემურ ხასიათს აძლევს. გ. შუშანაშვილი გნოსეოლოგიისა და ცოდნის თეორიის. პრობლემასთან დაკავშირებით კრიტიკულად აანალიზებს ჯეიმსის, ჰუსერლის, ჰაიდეგერის, ბერგსონის, დინგლერის, პოპერისა და სხვა ფილოსოფოსთა თვალსახრისებს, აჩვენებს მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებს. გ. შუშანაშვილი ფილოსოფიას სპეციფიკურ მეცნიერულ დისცილინად თვლიდა და იცავდა ფილოსოფიისა და სპეციალურ მეცნიერებათა აუცილებელი კავშირის იდეას.
თხზულებები
- „მეცნიერების ცდისეული და ლოგიკური საფუძვლები“ (თბილისი 1971);
- „შემეცნების თეორია“ (სამ ნაწილად, თბილისი, 1977, 1979, 1991);
- „მეცნიერების ბუნება“ (თბილისი, 1985);
- „ღირებულების ფილო სოფიური ცნება“ (თბილისი, 1985);
- „ინტუიციისა და დისკურსის წილი შემეცნებაში“ (თბილისი, 1995).