შფოთვითი აშლილობა განშორებით გამოწვეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შფოთვითი აშლილობა, განშორებით გამოწვეული - (F93.0), (separation anxiety disorder), შფოთვას საფუძველად უდევს განშორების შიში, პირველად აღმოცენებული ადრეულ ასაკში. განშორებით გამოწვეული ნორმალური შფოთვისაგან მას განასხვავებს გამოხატულება, რაც სტატისტიკურად უცნაურია (მოიცავს რა ასაკობრივი პერიოდისათვის არადამახასიათებელ პათოლოგიურ მდგრადობას), აგრეთვე მნიშვნელოვან დარღვევას. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლესიკონები)

სარჩევი

კლინიკური სურათი

ამ აშლილობის მქონე ბავშვები მშობლებს ან სხვა პირებთან დაშორებისას, რომელთა მიმართ მიჯაჭვულობა ახასიათებთ, გადამეტებულ შფოთვას ავლენენ. მათ უსაფუძვლოდ ეშინიათ, რომ მათთვის მნიშვნელოვან ადამიანს საშიშროება ემუქრება ან მათი მიტოვება აქვს განზრახული. ისინი უარს აცხადებენ ამ ადამიანის გარეშე დაძინებაზე ან, ცალკე დაძინების შემთხვევაში, ღამის კოშმარები აღენიშნებათ. დღის განმავლობაში ბავშვები თავიანთი მიჯაჭვულობის ობიექტს არ სცილდებიან და მუდმივ ყურადღებას მოითხოვენ. შფოთვა უპირატესად სომატური ნიშნებით ვლინდება, როგორებიცაა მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება. ამას ხშირად თან ახლავს ხშირი ტირილი, სოციალური იზოლაცია ან რისხვის შეტევები. განშორების შფოთვითი აშლილობა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ბავშვი უარს ამბობს სკოლაში სიარულზე.

ეპიდემიოლოგია

მოსახლეობის გამოკვლევამ აჩვენა, რომ განშორების შფოთვითი აშლილობა 7-11 წლის გოგონებისა და ბიჭების 3-4%-ს აღენიშნება (Anderson et al., 1987; Benjamin et al., 1990).

ეტიოლოგია

განშორების შფოთვითი აშლილობა ხშირად რაიმე საფრთხის შემცველი შემთხვევითაა პროვოცირებული. ეს შეიძლება იყოს ხანმოკლე პრობლემა, როგორიცაა საავადმყოფოში მოთავსება, ან დროში გახანგრძლივებული მოვლენა, მაგ., კონფლიქტი მშობლებს შორის. განშორების შფოთვითი აშლილობა ზოგჯერ ისეთ ბავშვებს უვითარდებათ, რომლებიც ზედმეტი ემოციურობით რეაგირებენ ყოველდღიურ სტრესორებზე, ან რომლებსაც შფოთვისადმი მიდრეკილი ტემპერამენტი ახასიათებთ. ზოგჯერ, როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა შფოთვიანი და ჰიპერმზრუნველი მშობლების საპასუხოდ ვითარდება

მიმდინარეობა

განშორების შფოთვითი აშლილობის სიმპტომატიკა ასაკთან ერთად თანდათანობით უმჯობესდება, თუმცა, შეიძლება გაუარესდეს, თუ ბავშვის რუტინული ცხოვრება იცვლება (მაგ., ბავშვი სკოლაში სიარულს იწყებს). ზოგ შემთხვევაში განშორების შფოთვითი აშლილობა მოზრდილ ასაკში გენერალიზებულ ან სხვა სახის შფოთვით აშლილობაში პროგრესირებს.

მკურნალობა

სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ყველა შესაძლო ეტიოლოგიურ ფაქტორს. მათ შორის, მნიშვნელოვანია წინა განშორებების, შფოთვისადმი მიდრეკილი ხასიათისა და მშობლების ქცევის გათვალისწინება. აუცილებელია, შეძლებისდაგვარად, სტრესორების შესუსტება და ბავშვებისთვის საკუთარი განცდების გამჟღავნებაში ხელის შეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართვა და მათთვის დახმარების გაწევა, რათა გააცნობიერონ, თუ როგორ მოქმედებს გადამეტებული შფოთვა და ჰიპერპროტექცია ბავშვის მდგომარეობაზე. ასევე, საჭიროა გზების ძიება, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის სიმშვიდესა და დაცულობის შეგრძნებას. საჭიროების შემთხვევაში, ძალიან მწვავე შფოთვის დროს, შეიძლება ანქსიოლიზური პრეპარატების დანიშვნა, თუმცა, მათი მიღება მხოლოდ ხანმოკლე პერიოდითაა მიზანშეწონილი. განშორების შფოთვითი აშლილობის გამწვავებისას, ზოგ შემთხვევაში, შიშის დასაძლევად იყენებენ ბიჰევიორულ ტექნიკას, რომელიც შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები