შქერი
შქერი - Rhododendron ponticum
ქვ.რაჭ. - ლეშკერი, ზ.რაჭ.-ლეშკი, ზ.იმერ.-კვალიზი, ლეჩხ.-ჟგერი, ჭან. - მშქერი, მეგრ.- ფშკერი, სვან.-შგერი, შგორი
შქერი მანანასებრთა ოჯახს ეკუთვნის. კოლხეთის ტყეებისათვის მეტად დამახასიათებელია. გავრცელებულია ქვეტყის სახით წიფლნარში. მთაში ზღვის დონიდან 1800 მ -მდე გვხვდება. აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერ მცირე რაოდენობით სახლობს. შქერი ბუჩქის სახით გვხვდება, ღეროები სიგრძით 1-3 მ-ია. ზოგჯერ კი ხის სახითაც იზრდება და 6-7 მ სიმაღლეს აღწევს.მარადმწვანეა. ფოთოლი კიდემთლიანია, კიდეები ოდნავ გადაღუნული აქვს, ტყავისებრია, ზედა მხარე მუქი, ქვედა კი ღია მწვანეა. ზომით 9-27 სმ სიგრძისა და 4-7 სმ სიგანისაა, ბოლოწაწვეტილი. შქერი ყვავილობს მაისში და ივნისში. თუ თბილი ამინდი დაიჭირა, მეორედაც ყვავის ოქტომბერში. დიდი ზომის ვარდისფერი, მოიისფრო მეწამული ყვავილი აქვს, ყვავილედი ქოლგა. ნაყოფი კოლოფია.