ჩაგელიშვილი გოგი
გოგი ჩაგელიშვილი − საქართველოს დამსახურებული მხატვარი. დაიბადა ქ. თბილისში 1945 წლის 2 იანვარს. 1971 წელს დაამთვრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გამართული აქვს არაერთი პერსონალური გამოფენა.
გოგი ჩაგელიშვილი სამოცდაათიანელთა თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის. მხატვრის შემოქმედებას საფუძვლად უდევს ტრადიციული ჟანრებისა თუ თემების ახლებური გააზრება და მხატვრული ინტერპრეტაცია. ინტუიციურობა, სპონტანურობა, იმპროვიზაციულობა ის ძირითადი ნიშან-თვისებებია, რითაც საზრდოობს მხატვარი. მისი მსოფლმხედველობა გამოირჩევა გამომსახველობითი საშუალებებისა და შემოქმედებითი მეთოდის ორიგინალურობით, აღბეჭდილია მემკვიდრეობითობის შენარჩუნებისა და ამასთან ერთად ზოგადდასავლურ მხატვრულ პრინციპებთან ინტეგრირებისაკენ სწრაფვით. გ. ჩაგელიშვილის ნამუშევრებში ერთმანეთთან ერთდროულად თანაარსებობს სიბრტყობრივი და სივრცობრივი საწყისები, რაც მის შემოქმედებაში წლების განმავლობაში ფაქტიურად უცვლელი რჩება; მათ ახასიათებთ კომპოზიციური სტრუქტურის ერთგვარი სტატიკურობა და ფერწერული ფენის დინამიკა, სწრაფვა ფორმათა გადმოცემის გამარტივებისა და განზოგადებისაკენ, მიდრეკილება პირობითობისა და აბსტრაჰირებისაკენ და ამავდროულად სივრცობრივ-ჰაეროვანი გარემოს დამკვიდრებისაკენ.
თანდათან გ. ჩაგელიშვილის შემოქმედებაში ვლინდება საგნობრივ-მატერიალური საწყისებიდან დაშორების მცდელობა, თავს იჩენს დეკორატიულობის ტენდენცია, რაც მის სურათებში სხვადასხვა მხატვრული საშუალებებით ვლინდება. სივრცე მის სურათებში განზოგადებულია და მოკლებულია კონკრეტიკას; ფორმები იმდენად დეფორმირებული და აბსტრაჰირებულია, რომ თითქოს კარგავენ მატერიალურ წონადობას. პირობითი სივრცე და კომპოზიციის სიბრტყოვანი განშლა ავლენს არა მარტო ნამუშევრის შინაარსობრივ დატვირთვას, არამედ აქტიურ დეკორატიულ ფუნქციასაც ატარებს. აქედან გამომდინარე იგი იძენს მთლიანობას, როგორც სახვით-პლასტიკური, ისე დეკორატიული თვალსაზრისითაც. სიბრტყის შეგრძნება, მისი ორგანზომილებიანობა, როგორც სურათის საფუძველი, მის ნამუშევრებში თავისებურად ერწყმის სივრცობრივი გარემოს გადმოცემის პრობლემას. პირობითობისაკენ სწრაფვით, სიბრტყობრივ-დეკორატიული საწყისების მომძლავრებით ავტორი თანმიმდევრულად ამკვიდრებს სამყაროს მსუბუქ, ლირიკულ, ხატოვან აღქმას, რაც მნიშვნელოვანწილად ნამუშევრების ფერწერული გააზრებითაც არის განპირობებული.
გ. ჩაგელიშვილის ფერწერული გამა გამჭვირვალე, მშვიდი და თავშეკავებულია, იგი მდიდარია ფერადოვანი ნიუანსებით, დახვეწილი ტონალური გრადაციებით. ფერის საშუალებით ავტორი აღწევს მაქსიმალურ მხატვრულ გამომსახველობას, თუმცა იგი არა იმდენად ღრმა ემოციის შემცველი, არამედ უფრო განცდისმიერია, თავისი თვისებებით დეკორატიულ სპეციფიკას გამოხატავს და ჰაეროვნებისა თუ სივრცობრიობის მანიშნებელ კატეგორიად გვევლინება. გ. ჩაგელიშვილის ნაწარმოებების ფერწერული გააზრება და ფორმათქმნადობა ავლენს მხატვრის სწრაფვას შექმნას ერთიანი, თითქოსდა უსასრულო, „დემატერიალიზებული“ გარემო, რომელიც ამავდროულად სათავეს რეალობიდან იღებს. ილუზორულობის ეფექტის ერთგვარი უარყოფით, ფორმათა გამარტივებით, ტონალური მთლიანობით მხატვარი თავის ნაწარმოებებში უშფოთველი, ჰარმონიული, ესთეტიკურად მიმზიდველი სამყაროს შეგრძნებას გადმოსცემს.