ჩალაბაშვილი თემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩალაბაშვილი თემურ − (1951), ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი. დაიბადა სოფელ ძველ ანაგაში (სიღნაღი). 1969 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. ბავშვობიდან წერს ლექსებს. მისი სერიოზული პოეტური ნათლობა ჟურნალ „დროშაში“ შედგა გიორგი ნატროშვილის ხელდასხმით. 1977 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „მზე მამულის კვამლში” (1984), „წვა შეგიძლია” (2009).
- ჰამლეტ გონაშვილს
- შენ წამოიწყე „დაიგვიანეს”
- და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები,
- იქნებ, ე, მაგ ყელს ერთად ხატავდნენ
- ბექა და ბეშქენ ოპიზარები!
- კრთოდნენ შენი ხმის მინანქარები,
- როგორც ჩანჩქერი კლდიდან ვარდნილი
- და არწივული შენი თვალებით
- მეხატებოდა წინ ავთანდილი...
- ...მღეროდი რაღაც სულ სხვა თილისმით,
- თითქოს სიმღერით ტაძარს ხატავდი,
- თავზე გეხურა ზეცა თბილისის,
- რომლის მიწაზეც ამოთავთავდი!
- დაიგვიანეს, მაგრამ სალამურს
- ყური მოჰკრეს და აღარ დარდობენ
- და ის პატარა მწყემსი ბიჭები
- კახეთის მთებში დანავარდობენ.
- შენ წამოიწყე „დაიგვიანეს”
- და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები,
- იქნებ, ე, მაგ ყელს ერთად ხატავდნენ
- ბექა და ბეშქენ ოპიზარები.