ჩეკურიშვილი ბელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბელა ჩეკურიშვილი

ჩეკურიშვილი ბელა − (1972), ქართველი პოეტი და მწერალი, ჟურნალისტი. დაიბადა გურჯაანში, სწავლობდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანის სკოლაში. 1994 წელს დაამთავრა თსუ-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1998-2013 წლებში მუშაობდა კულტურის ჟურნალისტად ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, გამომცემლობებში – რედაქტორად, სკოლაში – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი (შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულება) და ბონის უნივერსიტეტის მაგისტრანტია. ავტორია ოთხი ქართულენოვანი პოეტური კრებულისა: „ან.. ან“ (1998), „ღია ბარათები“ (2009), „შეკითხვა სიზიფეს“ (2012) და „სიშიშვლის დეტექტორი“ (2017). 2016 წელს გერმანულმა გამომცემლობამ Verlag das Wunder-horn გამოსცა მისი ლექსების კრებული „Wir, die Apfelbäume” („ჩვენ, ვაშლის ხეები“). ამავე წელს „ინტელექტმა“ გამოსცა მისი დოკუმენტური ნოველების კრებული „რაინისპირა ამბები“.


* * *
თვალის წილ თვალი ჩემო დაო,
გზების წილ გზები,
გზებზე სიტყვები:
დაფენილი, ნაჩუქარი, ნასროლ-ნარჩენი,
როგორც ქვევრში ჩაძახებული,
ან გაკვეთილზე დაზუთხული,
ბევრჯერ თქმით
მნიშვნელობას რომ კარგავენ
და თოკზე გაფენილი სარეცხივით ფრიალებენ.
ჩვენ შეგვიძლია დავჭრათ პური,
ქაღალდი, შეშა,
მაგრამ გზებს და სიტყვებს ვერ დავჭრით,
ქალაქის გზას ქალაქამდე უნდა მივყვეთ და
სიტყვა „რძე”-ც
სრულად უნდა წარმოვთქვათ,
თუკი მისი მოსმენა გვინდა…
სიტყვის წილ სიტყვა, ჩემო დაო,
ვალის წილ ვალი,
დაკისრებული, დაგროვილი, დამღადქცეული,
როგორც ხალი
ინდუსი ქალის წარბებს შორის,
ან ტახტრევანი აქლემის ზურგზე,
გარდაცვლილთა სახელები –
ლოცვის წიგნაკში,
რომლებიც თუნდაც არ ვახსენოთ,
დავიზაროთ და გამოვტოვოთ,
არც არაფერს მოითხოვენ.
მაგრამ ხსნა ვერ იქნება დავიწყება,
ან შვილიშვილზე გადაბარება,
ვიდრე არსებობს სიტყვა „ჩემი”,
იარსებებს „ჩემი ქალაქიც”, „ჩემი სიტყვები”
დასაბრუნებლად,
დასაფარად, მოსავლელად,
ამოსათქმელად.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები