ჩემბერლენის ნოტა 1927

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩემბერლენის ნოტა 1927 – გაეგზავნა სსრკ-ის მთავრობას 23.II დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ო. ჩემბერლენის მიერ.

ჩემბერლენის ნოტა წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის მხრიდან საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის მოსამზადებელ ეტაპს. ჩემბერლენი ახდენდა ინგლის-სსრკ-ის ურთიერთობების არასახარბიელო მდგომარეობის კონსტატაციას და სრულ პასუხისმგებლობას ამაზე აკისრებდა საბჭოთა მთავრობას, რომელიც, მისი თქმით, ეწეოდა ანტიბრიტანულ საქმიანობას. ჩემბერლენი ემუქრებოდა საბჭოთა მხარეს სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით. 26.II საპასუხო ნოტაში საბჭოთა მთავრობამ უარყო ჩემბერლენის ნოტაში გამოთქმული ბრალდებები და იქით დასდო ბრალი დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრებსა და პრესას ანტისაბჭოთა კამპანიის წარმოებაში. ამასთანავე, საბჭოთა მთავრობამ განაცხადა, რომ მუქარის არ ეშინოდა და სურდა ჰქონოდა ნორმალური ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან და, მათ შორის, დიდ ბრიტანეთთანაც.

12.V დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მოაწყო პოლიციელთა თავდასხმა ARCOS-ზე (All Russian Cooperative society Ltd – სრულიად რუსეთის კოოპერაციული საზოგადოება) და საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობის შენობაზე. რეიდის მიზანი იყო ამ ორგანიზაციების საჯაშუშო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოპოვება. ინგლისელებმა მართლაც იპოვეს ასეთი საბუთები – ე.წ. „ზინოვიევის წერილი“, რომელშიც მოცემული იყო ინსტრუქციები ბრიტანელი კომუნისტებისათვის, თუ როგორ დაემხოთ ქვეყანაში არსებული წყობილება. შემდგომში გაირკვა, რომ აღნიშნული წერილი ყალბი იყო, მაგრამ მოცემულ პერიოდში მან თავისი მისია შეასრულა. 17.V ნოტაში სსრკ-ის მთავრობამ პროტესტი გამოთქვა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობის დიპლომატიური ხელშეუხებლობის უგულებელყოფის გამო და დააყენა საკითხი, სურდათ თუ არა კონსერვატორებს დად ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება და მათი შემდგომი განვითარება. 27.V საპასუხო ნოტაში ჩემბერლენმა აცნობა საბჭოთა მთავრობას სავაჭრო ხელშეკრულების გაუქმებისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის აღდგა მხოლოდ 1929 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ. რაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა რ. მაკდონალდის ლეიბორისტული კაბინეტი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები