ჩენდლერი უოლტერ მარიონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩენდლერი უოლტერ

ჩენდლერი უოლტერ მარიონ (დ. - 8.XII.1867, მისისიპი - გ. - 16.III.1935, ნიუ იორკი) - ამერიკელი კონგრესმენი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ლობისტი. ისტორიასა და იურისპრუდენციას სწავლობდა ჰაიდელბერგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში.

ბიოგრაფია

ცხოვრობდა და ადვოკატობას ეწეოდა ნიუ-იორკში. მრავალჯერ იყო არჩეული აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკური პარტიიდან (1913-1919; 1921-1923 წწ.). შემდგომში კვლავ ადვოკატობას მიჰყო ხელი. კონგრესმენობის პერიოდში იცავდა ებრაელი უმცირესობის ინტერესებს.

1919 წლიდან იცავდა ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკის ინტერესებს და იყო მათი ლობისტი. ამ პერიოდში, ქართულ-აზერბაიჯანული დელეგაციების თხოვნით, აზერბაიჯანისა და საქართველოს ლობისტობაც იკისრა. 1920 წლის 25 დეკემბერს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა „ნიუ იორკ ტაიმსში“ სათაურით: „ხუთი მებრძოლი რესპუბლიკა: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, აზერბაიჯანი, საქართველო და მათი საჭიროებანი“. ავტორი კავკასიასა და ბალტიისპირეთს ბოლშევიზმის წინააღმდეგ აღმართულ ბურჯებს უწოდებდა, რომლებიც მისგან იცავდნენ დანარჩენ კაცობრიობას. ჩენდლერმა შეძლო მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა აშშ-ის მიერ ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის პროცესში, მაგრამ იგივე ვერ შეძლო საქართველოსათვის. როგორც ჩენდლერის საპასუხოდ წერდა 1921 წლის „ნიუ იორკ ტაიმსის“ სარედაქციო წერილის ავტორი: „ერთი წლის წინათ არაფერი ისე სტაბილურად არ გამოიყურებოდა, როგორც საქართველო, მოკავშირეთა მისიები ხელშეკრულებებს დებდნენ საქართველოს მთავრობასთან და ეკონომიკურ ურთიერთობასაც აწყობდნენ... თუმცა ამ ახლად შექმნილმა რესპუბლიკებმა ვერ გაძლეს მფარველობის გარეშე და წაღებულ იქნენ ბოლშევიკური წყალდიდობის მიერ“.

ჩენდლერი საქართველოს ინტერესებს მისი გასაბჭოების შემდეგაც იცავდა. გარდა კონგრესისა, ცდილობდა წითელი ჯვრისა და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში გაეწია ლობირება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხებისათვის. ასეთ საკითხებს მიეკუთვნებოდა, მაგ., საზღვარგარეთ მყოფ ქართველ სტუდენტთა დახმარება; ოკუპირებულ საქართველოს მოსახლეობისათვის ხორბლის გაგზავნა და ა. შ. ჩენდლერის თხოვნით, 1921-ის დეკემბერში ევროპიდან ვაშინგტონში სამუშაოდ ჩავიდა ზ. ავალიშვილი, რომელიც შეხვდა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, ჰერბერტ ჰუვერს (მომავალ პრეზიდენტს). ამ შეხვედრის შედეგად საქართველო მოხვდა რუსეთის იმპერიის იმ რეგიონთა შორის, რომელმაც მიიღო აშშ-ის 20-მილიონიანი პროდუქტით დახმარების ნაწილი.

ლიტერატურა

ბ. კობახიძე, საქართველოს პირველი ამერიკელი მეგობარი - კონგრესმენი უოლტერ მარიონ ჩენდლერი, ივანე ჯავახიშვილის სახახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, V, თბ., 2012.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები