ჩეხონების გვარი
ჩეხონების გვარი – Pelecus Agassiz 1835
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ჩეხონი
თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. სხეული წაგრძელებული და გვერდებიდან ძლიერ შებრტყელებულია. ხახის კბილები ორმწკრივია, 2.5-5.2, მათი გვირგვინი ოდნავ დაკბილული და მოკაუჭებულია. გვერდითი ხაზი ზიგზაგის სახით გასდევს. ქერცლი წვრილია, მათი რაოდენობა გვერდით ხაზზე 100-მდეა. ყელიდან ანალურ ხვრელამდე მუცლის მთელ სიგრძეზე მახვილი სავარცხელია გადაჭიმული, რომელიც ქერცლით დაფარული არ არის. პირი ზედაა, ქვედა ყბაზე ბორცვაკია, რომელიც ზედა ყბის ამონაკვეთში ჩადის. ლაყუჩის ხვრელები ძლიერ ფართოა. ლაყუჩის აპკები თვალის ქვემო არეშია მიმაგრებული. ლაყუჩთა ჩხირები წაგრძელებულია და პირველ რკალზე 18-23-ია. მკერდის ფარფლები მეტად გრძელია. ზურგის ფარფლი მოკლე, უეკლოა, მისი საწყისი ანალური ფარფლის საწყისის ვერტიკალის უკან მოდის, ანალური ფარფლი წაგრძელებულია, კუდის ფარფლი ძლიერ ამოკვეთილი. მალების რაოდენობა 48-51-ია. ეს გვარი ერთი სახითაა წარმოდგენილი.