ჩვამასებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩვამასებრნი (ლათ. Phalacrocoracidae) — ფრინველთა ოჯახი ვარხვისნაირთა რიგისა. ჩვამასებრთა ოჯახი აერთიანებს საშუალო და დიდი ზომის ფრინველებს, რომელთაც აქვთ შედარებით წვრილი და მოგრძო ნისკარტი. ნისკარტზედა ბოლოვდება ქვემოთ მკვეთრად მოხრილი კაუჭით, რომელიც ეხმარება ფრინველს დაჭერილი თევზის შეკავებაში. ნესტოების პატარა ხვრელები ღრმა ღარებშია განლაგებული. კისერი ნორმალური სიგრძისაა. ფრთები ბლაგვია და შეგუებულია მხოლოდ აქტიური ფრენისადმი. ბუმბულსაფარველი სქელია და ტანზე მჭიდროდაა მიტმასნილი. კუდი გრძელია, შედგება 6–8 წყვილი საჭის ვიწრო და მაგარი ბუმბულისაგან. მათ შორის შუა წყვილი უფრო გრძელია, ხოლო კიდეებისაკენ თანდათანობით მოკლდებიან. ამიტომ კუდის საერთო ფორმა მომრგვალო სოლისებურია. ჩაყვინთვის დროსაც ფრინველი კუდს საჭედ იყენებს. ფეხები განლაგებულია სხეულის უკანა ნაწილში, რაც აძნელებს მიწაზე სიარულს, მაგრამ ხელს უწყობს სწრაფად ცურვას როგორც წყლის ზედაპირზე, ისე მის სიღრმეში. ჯდომის დროს კი ფრინველს სხეული თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაში აქვს. ჩვამასებრნი ყოველთვის წყლის მახლობლად ბინადრობენ. ბუდობენ ხეებზე, კლდეებზე, ლელიანში ან უბრალოდ მიწაზე. წყალთან ისინი დაკავშირებული არიან მხოლოდ საკვების მოპოვებისათვის. სხვა დროს ისვენებენ, ბუდობენ ან ღამეს ათევენ უპირატესად ხეებზე. თევზებს იჭერენ წყალში ჩაყვინთვითა და დადევნებით. სახეობების უმრავლესობა ზღვების სანაპიროებს ეტანება, თუმცა ზოგიერთი მოიპოვება შიდა წყალსატევებზეც. ისინი უპირატესად ტროპიკული ფრინველებია, მაგრამ რიგი სახეობებისა ზომიერ განედებშიც გვხვდება. ოჯახი შეიცავს რამდენიმე გვარს, 30-მდე სახეობით. საქართველოში მოიპოვება ერთი გვარის წარმომადგენლები − ჩვამა.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები