ჩვეულებრივი გვრიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩვეულებრივი გვრიტი (ლათ. Streptopelia turtur Linnaeus, 1758) − ფრინველი მტრედისნაირთა რიგიდან.

ჩვეულებრივი გვრიტი საქართველოში გავრცელებულ მტრედისნაირებს შორის ყველაზე პატარაა; ფრთა 160-185 მმ-ია, კუდი – 115-125 მმ, ნისკარტი – 15-20 მმ, წონა–120-130 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველის თავი და კისერი ზემოდან მოცისფრო-რუხია, კეფაზე ოდნავ მურა. კისრის გვერდებზე რამდენიმე რიგად განლაგებულია შავი ბუმბულები, რომელთაც მოცისფრო-რუხი ბოლოები აქვთ. ზურგის წინა ნაწილი უფრო ღია მურა ფერისაა. ზურგის უკანა ნაწილზე, აგრეთვე მხრისა და ფრთების ზემო შიგნითა მფარავებზე მუქი მურა ან შავი ფერის ღეროს გასწვრივი ფართო ლაქებია, მოყავისფრო არშიებით. მომქნევები მუქი მურაა. მათი ზემო მფარავები რუხია. საჭის ბუმბულებს, შუა წყვილის გამოკლებით, აქვთ თეთრი წვეროები; კიდურა წყვილს, გარდა ამისა, თეთრი აქვს გარეთა მარაოები. ჩიჩახვი, მკერდი და მუცლის წინა ნაწილი მოვარდისფროა. მუცლის მხარის დანარჩენი ნაწილი თეთრია. ნისკარტი მოშავო-რუხია, ფეხები – წითელი

აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული გვრიტი – S. t. turtur Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის კონტინენტის დიდ ნაწილს, შუა და ჩრდილოეთი ინგლისის, შოტლანდიის, სკანდინავიის ნახევარკუნძულისა და ესტონეთის ჩრდილოეთი ნახევრის გამოკლებით. გარდა ევროპისა, მოიპოვება აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, მცირე აზიაში, ერაყში, ავღანეთში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში – დასავლეთ კაშგარიამდე. საქართველოში ბუდობს ტყის ზონაში თითქმის ყველგან, მაგრამ უფრო რიცხვმრავალია აღმოსავლეთ საქართველოში.

ბიოტოპი

ბუდობის პერიოდში ცხოვრობს ტყეებში, ცალკეულ კორომებში, ბაღებში, ბუჩქნარებში. შეიძლება შეგვხვდეს უდაბნოებშიც, თუ იქ ბუჩქნარია, ხოლო მახლობლად – წყალი. წიწვიანებს თავს არიდებს. ადვილად ეგუება ნაირგვარი ფოთლოვანებს. გამრავლების დამთავრების შემდეგ ხშირად გამოდის ღია ადგილებში – უმთავრესად მარცვლოვანებისა და მზესუმზირას მომწიფებულ ნათესებში.

გამრავლება

საქართველოს ტერიტორიაზე გვრიტი მოფრინდება აპრილში. ზოგიერთი წყვილი მაშინვე შეუდგება გამრავლებას და აპრილის დამლევს დებს 2 კვერცხს. ბუდეს იკეთებს ხეზე, ბუჩქზე – უმთავრესად 3-5 მ-ის სიმაღლეზე. ბუდე წარმოადგენს ხმელი და წვრილი ტოტების გროვას, რომელთა შორის ქვემოდანაც კარგად ჩანს თეთრი კვერცხები. საინკუბაციო პერიოდი 14 დღემდე გრძელდება. გამოჩეკილ ხუნდებს ორივე მშობელი კვებავს 18-20 დღის განმავლობაში.

კვება

გვრიტი ძირითადად მარცვალმჭამელი ფრინველია. იკვებება ნაირგვარ, როგორც კულტურულ, ისე ველურ მცენარეთა თესლებით. წლის პირველ ნახევარში უმთავრესია ველურ მცენარეთა თესლები, ხოლო ზაფხულსა და შემოდგომით ეტანება მომწიფებულ პურის ყანებს, აღებული პურის ყანების ფართობებს, სადაც კენკავს ჩაცვენილ მარცვლებს. განსაკუთრებით უყვარს მზესუმზირას თესლები.

მნიშვნელობა

ესთეტიკური მნიშვნელობის გარდა, გვრიტი ჩვენში სპორტული ნადირობის ობიექტია.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები