ჩვეულებრივი ვარსკვლავთმრიცხველი
ჩვეულებრივი ვარსკვლავთმრიცხველი – Uranoscopus Linnaeus, 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: დრაკონისნაირნი
ოჯახი: ვარსკვლავთმრიცხველისებრნი
თევზის სახეობა ვარსკვლავთმრიცხველების ოჯახისა. ზურგის ორი ფარფლი აქვს, რომელთაგან პირველი მოკლეა, მეორე კი – გრძელი. ენის წინ ჭიისებური ლაპოტი აქვს, რომლის საშუალებით ის თევზებს იტყუებს და იჭერს. ეს წარმონაქმნია ლაყუჩის აპკის გამონაზარდის სახით და ქვედა ყბის შიდა მხარეზეა მოთავსებული. ვარსკვლავთმრიცხველი თავის მსხვერპლს დარაჯობს, ის ნაკლებად მოძრავი თევზია. ჩვეულებრივ, ჩაეფლობა სილაში და თავისი გრძელი ენისებური გამონაზარდით მსხვერპლს მიიტყუებს და შემდეგ იჭერს. ის იკვებება წვრილი თევზებით და ფსკერული უხერხემლოებით. სიგრძით 30 სმ-ს აღწევს.
სხეულის ძირითადი შეფერილობა მუქი და მურა-ცისფერია. გვერდების გასწვრივ უწესრიგოდ განლაგებული თეთრი ზოლები გასდევს. მუცელი თეთრია. ფარფლები სხვადასხვა ფერის ლაქებითაა დაფარული.
ტოფობა ზაფხულში ხდება. ქვირითი პელაგურია.
საქართველოს ფარგლებში შავი ზღვის სანაპიროებში გვხვდება, სარეწაო მნიშენელობა არა აქვს. სახელწოდება ვარსკვლავთმრიცხველი იმიტომ დაერქვა, რომ ორივე თვალი თავის ზემოთაა მოთავსებული და მუდამ ზევით არის მიმართული.