ჩვეულებრივი თხილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი თხილი - Corylus avellana L.

ჩვეულებრივი თხილი – (Corylus avellana L. – ოჯახი: თხილისებრნი (Corulaceae).

მეგრულად – თხირი.

პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი, გლუვი ან დაბზარული ქერქით. ფოთოლი მოკლეყუნწიანია, კიდეზე მკაფიოდ ორმაგხერხკბილა. სამტვრეები ძაფებიანად ყვითელია. საბურველი თხელია და ფოთლისებური, ორ ან ერთფოთოლაკიანი, წვერზე მოკლე ნაკვთებით. საბურველი კაკალზე მოკლეა ან გრძელი. ნაყოფი 2-10 კაკლისგან შედგება. ნაჭუჭი გლუვია. ყვ. II-III; ნაყ. VIII-X. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ტყის პირას. ხშირად წმინდა ჯგუფებს ქმნის. საქართველოში გავრცელებულია ყველგან.

ნაყოფი შეიცავს: 58,3-60,4 მგ% ცხიმზეთებს, 16,1-18,2 მგ% ცილებს, 3,1-3,2 მგ% უჯრედისს, 19,8-20,2 მგ% პროტეინს, 2,4 მგ% ნაცარს, 8,81 მგ% წყალს, ვიტამინების ჯგუფს (B1, B2, C, E, PP, კაროტინს), ტანინებს, პალმიტინის მჟავას, ფლობოფენს, ბეტულინს, ლიგნიცერინის სპირტს.

ქერქი ხასიათდება ანტისეპტიკური, სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედებით; თხილის ფოთლის კვებითი ღირებულება შინაური ცხოველებისათვის საკმაოდ დიდია, შეიცავს 179-434 მგ% C ვიტამინს, 19,2 მგ % პროტეინს, 17,3 მგ% ცილებს, 5 მგ% ცხიმზეთებს, 14,3 მგ% უჯრედისს, 56 მგ% უაზოტო ექსტრაქტულ ნივთიერებებს, 1,15 მგ% მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელთა რაოდენობა გაზაფხულიდან შემოდგომამდე მატულობს, ანთოციანებს, ალდეჰიდებს, პალმიტინის მჟავას.

ხასიათდება ანტიმიკრობული, შემომგარსავი, სიცხისდამწევი, დიზენტერიის საწინააღმდეგო, შემკვრელი, შარდმდენი, ანტიჰელმინტური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, სისხლდენის შემაჩერებელი, ანთების საწინააღმდეგო, საერთოგამაჯანსაღებელი მოქმედებით.

რეკომენდირებულია ვენების ვარიკოზული გაფართოების, პერიფლებიტის, წვივის წყლულების, პროსტატის ადენომის, სიმსივნური პროცესების, შარდკენჭოვანი დაავადების, ასკარიდოზის, ავიტამინოზის, ანემიის, ლაქტაციის დაქვეითების, ნაწლავების მეტეორიზმის დროს. ფოთლების ნახარშს იყენებენ წინამდებარე ჯირკვლების ჰიპერტროფიის სამკურნალოდ.

ქართულ ხალხურ მედიცინაში მამრობით მჭადა ყვავილებს იყენებდნენ ჭიის დამდენად, მალარიისა და კანის ანთებითი პროცესების დასაამებლად; თხილის ნახარშს ხმარობდნენ თმის ალოპეციის სამკურნალოდ (შენგელია, 1983).

ნედლი ნაყოფის გულის ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს კუჭის აშლილობას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები